ახალი ამბები

საქართველოში არსებულ ბავშვთა სახლებში 109 ბავშვი დარჩა

26 ნოემბერი, 2013 • • 1028
საქართველოში არსებულ ბავშვთა სახლებში 109 ბავშვი დარჩა

26-27 ნოემბერს თბილისში ორდღიანი კონფერენცია ტარდება სახელწოდებით – “ყველა ბავშვს აქვს ოჯახურ გარემოში ცხოვრების უფლება: შედეგების შეჯამება და მომდევნო ნაბიჯების განსაზღვრა.” კონფერენციის მიზანი ბავშვთა ზრუნვის სფეროში უკვე მიღწეული შედეგების განხსილვა და რეფორმის შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრაა. 

 

“საქართველოს შეუძლია იამაყოს საკუთარი მიღწევებით დიდი ზომის ბავშვთა სამზრუნველო ინსტიტუციების გაუქმების და ყველა ბავშვისთვის ოჯახურ გარემოში აღზრდის საშუალებების უზრუნველყოფის სფეროში,”- აცხადებს იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში, საშა გრაუმანი. 

 

დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები 4600 ბავშვიდან, რეფორმის ფარგლებში, 2300-ზე მეტი ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახს დაუბრუნდა. 1600 – შვილობილობაში გადავიდა, 700 ბავშვი კი, მცირე საოჯახო სახლში. გარდა ამისა, 2010 წელს მთავრობის მიერ რეინტეგრაციის პაკეტი დაინერგა, თვეში 50 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც იმ ოჯახებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც საკუთარ შვილებს იბრუნებენ. 

 

ამჟამად 1070 ბავშვი იმყოფება მინდობით აღზრდაში. 

 

“თუმცა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს სოციალური დაცვის მექანიზმი, რომ მოხდეს ბავშვის მიტოვების პრევენცია, გაძლიერდეს ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვის ალტერნატიული ფორმები და სოციალურად დაუცველი ბავშვების უფრო მეტ ჯგუფს დახმარება გაეწიოს,”- აცხადებს საშა გრაუმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში.

 

ორდღიანი კონფერენცია სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა გახსნა. კონფერენციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი