თბილისში არსებულ პრობლემებზე ნარმანიამ დღეს, 26 ნოემბერს, სააგენტო “პირველის” პრესკლუბში ისაუბრა. მისი განცხადებით, ყველაზე მწვავე პრობლემად დედაქალაქში ტრანსპორტის, უსახლკაროების და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის საკითხები რჩება.
“როცა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, მე სრულად წარმოვადგენ ხედვებს, მე კარგად მაქვს გაანალიზებული ის პრობლემები, რა პრობლემებიც დედაქალაქში არსებობს და წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი და ვაანალიზებდი დედაქალაქში არსებულ მდგომარეობას, ისევე, როგორც თავის დროზე თბილისის განვითარებასთან დაკავშირებული ერთ–ერთი კონცეფციის თანაავტორი ვარ”, – აცხადებს ნარმანია.
მერობის კანდიდატად დასახელებამდე მან საკუთარი გეგმები ყოფილ პრემიერ–მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და პოლიტსაბჭოს წევრებს გააცნო:
“პირველ რიგში, მე მათ წარვუდგინე ყველაზე ფუნდამენტური პრობლემების ჩამონათვალი, რაც ქალაქში არსებობს. ეს ყველაფერი თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით და ვისაუბრეთ ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მე რამდენიმე მათგანს ჩამოვთვლი მხოლოდ და როცა საარჩევნო კამპანია იქნება ღია, ამის შემდეგ ყველა პრობლემას, რომელიც, ჯამში, 41 პრობლემად არის დაჯგუფებული, ვუპასუხებ 41 ამოცანით.
ყველაზე მწვავე პრობლემები, რაც დედაქალაქში დგას, ეს არის სატრანსპორტო სისტემასთან და კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემები, უსახლკაროებთან და საბინაო ფონდთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე, ძალიან დიდი პრობლემაა დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული საკითხები. ეს ყველაფერი იქნება თავის დროზე წარმოდგენილი ჩემი მხრიდან დეტალურად და წინასაარჩევნო პროგრამა სწორედ ამ პრობლემების დაძლევაზე იქნება ორიენტირებული”, – აღნიშნა ნარმანიამ.