ახალი ამბები

თბილისის მერიამ უსახლკარო მოქალაქე 10 000 ლარით დააჯარიმა

26 ნოემბერი, 2013 •
თბილისის მერიამ უსახლკარო მოქალაქე 10 000 ლარით დააჯარიმა

მარინა ყარმაზანაშვილს, როგორც მისი ადვოკატი ნიკოლოზ ლეკაშვილი აცხადებს, არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი და სამსახური. მისი თქმით, ყარმაზანაშვილმა დახმარებისთვის თბილისის საკრებულოს, ქონების მართვის სააგენტოს, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართა, თუმცა ისინი მას ვერაფრით დაეხმარნენ.

 

ქუჩაში დარჩენილმა მოქალაქემ რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, კერძოდ თბილისში, ალექსეევკის დასახლებაში ჩადგა ფიცრული ნაგებობა და ვაგონი. ამის გამო თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უნებართვოდ განთავსებული ნაგებობის დემონტაჟი მოსთხოვა და 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

 

მოქალაქე აცხადებს, რომ მძიმე სოციალურ პირობებში ის ვერ შეძლებს ამ თანხის გადახდას. თავშესაფრის დემონტაჟის შემთხვევაში კი ისევ ქუჩაში აღმოჩნდება.

 

მის საქმეს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი სწავლობს. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით, საქმე ადმინისტრაციულად გასაჩივრდა საქალაქო სასამართლოში, თუმცა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამჟამად საქმე სააპელაციო სასამართლოშია.

 

“ის, რაც ხდება ზოგადად უსახლკარო მოქალაქეების მიმართ, ერთგვარი გაგრძელებაა წინა ხელისუფლების პოლიტიკის. როდესაც არ ხდებოდა ამ ადამიანთა უზრუნველყოფა საცხოვრებლით. ამასთან, მინდა ირგანიზაცია “იდენტობის” ინიციატივასაც გამოვეხმაურო, რომელმაც გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვია და არაადეკვატური კომენტარები მოჰყვა. მათ შორის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წარმომადგენლის მიერ,”- აცხადებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე, ალეკო ცქიტიშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი