ახალი ამბები

წულუკიანის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ხელმძღვანელად პაპუნა უგრეხელიძე დაინიშნა

26 ნოემბერი, 2013 •
წულუკიანის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ხელმძღვანელად პაპუნა უგრეხელიძე დაინიშნა

საჯარო რეესტრს, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პაპუნა უგრეხელიძე ხელმძღვანელობს, რომელიც იურისტ მინდია უგრეხელიძის შვილია. პაპუნა უგრეხელიძე დაწინაურებამდე კერესელიძის მოადგილის პოსტს იკავებდა.

 

“უგრეხელიძე უკვე დაინიშნა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით არის მოვალეობის შემსრულებელი. კერესელიძე გათავისუფლებულია”, – აცხადებენ საჯარო რეესტრში.

 

გუშინ, 26 ნოემბერს საჯარო რეესტრში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ კერესელიძე შვებულებაში აპირებდა გასვლას. დღეს ნეტგაზეთი დაინტერესდა, იყო თუ არა გათავისუფლების დროს იგი შვებულებაში, რადგან კანონი შვებულებაში მყოფი პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას კრძალავს:

 

“არ იყო შვებულებაში გასული, მე მგონი, აპირებდა და არ ვიცი… შვებულებაში გასული ადამიანის თანამდბეობიდან გათავისუფლება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, მაგრამ ის არ ყოფილა გათავისუფლებული”, – აცხადებენ საჯარო რეესტრის პრესსამსახურში.

 

ეკატერინე კერესელიძემ ამ საკითხზე “ნეტგაზეთთან” საუბარი არ ისურვა:

 

‘უკაცრავად, მაგრამ ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ”.

 

პაპუნა უგრეხელიძე
პაპუნა უგრეხელიძე

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პაპუნა უგრეხელიძე დაიბადა 1974 წელს ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მოგვიანებით სწავლობდა ქ. ფრაიბურგის ალბერტ–ლუდვიგის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1996 წლიდან ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის საკითხთა სამსახურში, თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროში. სს „ტაოპრივატბანკში“ VIP – სამსახურის უფროსად, USAID-ის პროექტის (UEDC) დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მენეჯერად . გავლილი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო კურსი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში, სემინარსა და სიმპოზიუმში. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს ერთი შვილი.

 

ჯერჯეორბით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს უგრეხელიძის მოადგილის თანამდებობას. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია მოგვაინებით გახდება ცნობილი.

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი