ახალი ამბები

შამათავას ადვოკატი: ზუგდიდში პოლიციელი შესაძლოა მოკლეს ხურჩის საქმის გამო

25 ნოემბერი, 2013 •
შამათავას ადვოკატი: ზუგდიდში პოლიციელი შესაძლოა მოკლეს ხურჩის საქმის გამო

როგორც “ნეტგაზეთს” ადვოკატმა განუცხადა, დანელია ბრალდების მხარის ერთ–ერთი მთავარი მოწმეა ე.წ. ხურჩის საქმეზე, რომელიც თავის ჩვენებაში ამბობს, რომ ტერაქტი არა რუსმა და აფხაზმა ტერორისტებმა, არამედ ქართულმა მხარემ განახორციელა.

 

შსს–ს განცხადებით, დანელიას თავი ტაბელური იარაღით აქვს მოკლული. შსს–ს ინფორმაციითვე, გამოძიება სისხლის სამართლის 115–ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. დღესვე ამ ასაკითხს გამოემხაურა შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელმაც თქვა, რომ იგი მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

“სანამ გამოძიება არ დასრულდება, არც მინისტრს და არც არავის აქვს იმის უფლება, რომ წინასწარ თქვას, თუ რა იყო ეს ქმედება. ანუ იგი წინასწარვე აძლევს მიმართულებას გამოძიებას, რომ ეს არ იყო მკვლელობა და არ უნდა დადასტურდეს, რომ მკვლელობა იყო. დანელია იყო ერთ–ერთი მთავარი მოწმე ე.წ. ხურჩის ტერაქტზე, რომელიც ამხელდა რომან შამათავას. ჩვენი ინფორმაციით, ამ პიროვნებამ სხვა პირებს გაუმხილა, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა და ტყუილი ათქმევინეს აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის სასარგებლოდ, რომ თითქოსდა ქართულმა მხარემ მოაწყო ტერაქტი. ამას ძალიან განიცდიდა ის და მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა. ჩვენ ვამბობთ, რომ ან ამათ მიიყვანეს ზეწოლის შედეგად თვითმკვლელობამდე, ან ვინაიდან, ჩვენი ინფორმაცით, ის საჯაროდ აპირებდა იმის თქმას, რომ ცრუ ჩვენება მიაცემინეს, რაც მთლიანად დაანგრევდა ამ ხურჩის საქმეს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ იყოს ლიკვიდაციაც”, – ამბობს შამათავას ადვოკატი და დასძენს, რომ 2008 წელს, როდესაც ხურჩის ინციდენტი მოხდა, დანელია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა.

 

“შამათავა და დანელია ბავშვობის მეგობრები არიან… ორივე აფხაზეთიდანაა, ერთად იბრძოდნენ ომში და შემდეგ ერთად მუშაობდნენ. შამათავა იყო მისი ხელმძღვანელი”.

 

კითხვას, როგორ ხსნის იგი იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბინაში, სადაც გარდაცვლილი იპოვნეს, კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი, საჯაია პასუხობს:

“პირველივე დღესვე თქვეს, რომ მან თავისი იარაღით მოიკლა თავი, მაშინ, როდესაც ექსპერტიზა არ იყო ჩატარებული. თავიდნავე წავიდა მიმართულება აქეთკენ. რატომ გამორიცხავენ იმას, რომ ვიღაცამ მოკლა ეს ადმაიანი ამ იარაღით? იმ ბინაში საკეტი ზემოქმედების ქვეშ იყო, რადგან გარედან გასაღებით არ გაიღო”.

 

შსს–ში შამათავას ადვოკატის განცხადებებს ჯერჯერობით არ პასუხობენ და ამბობენ, რომ ამ საკითხზე უწყების პოზიცია დღეს მინისტრმა, ხოლო გუშინ პრესსამსახურმა, უკვე დააფიქსირეს.

 

2008 წელს ხურჩაში ტერაქტის მოწყობის ბრალდებით შსს–ს ექს–მაღალჩინოსნები, მათ შორის შამათავა, 22 ოქტომბერს დააკავეს და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი