როგორც ყიფიანმა “ნეტგაზეთს” ქეცბაიას ზემოხსენებული განცხადების კომენტირებისას უთხრა, ამ უკანასკნელს სამინისტროში არავინ ებრძვის. რაც შეეხება იმას, არის თუ არა სამინისტრო ქეცბაიას მუშაობით კმაყოფილი, ყიფიანმა განგვიცხადა, რომ მას ამ საკთხზე თავისი მოსაზრება აქვს, რაზე საუბარს ახლა არ აპირებს, თუმცა მწვრთნელის საქმიანობის შეფასება ფეხბურთის ფედერაციის საქმეა.
“ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. მე სპორტის მინისტრი ვარ და ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ მაგას [ქეცბაიას] თუ აქვს რაღაც სათქმელი, უნდა თქვას პირდაპირ- ვინ, როგორ რანაირად [უშლის ხელს]”, – განაცხადა ყიფიანმა.
“მე ჩემი იმიჯი სასწორზე დავაყენე, როცა აქ ჩამოვედი. თქვე კაი ხალხო, სანამ აქ ჩამოვიდოდი, ორი გუნდი [კვიპროსის ანორთოსისი და საბერძნეთის ოლიმპიაკოსი] გავიყვანე ჩემპიონთა ლიგაზე. ზედიზედ ორი წელიწადის განმავლობაში. ეს ის ჩემპიონთა ლიგაა, 25 წელიწადი საოცნებოდ რომ აქვს მთელ საქართველოს და ქართულ ფეხბურთს, სამწუხაროდ”, – ასე უპასუხა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქცბაიამ 1 არხის გადაცემა არენაში შეკრებილ ჟურნალისტებს, რომლებიც მას ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგების შესახებ უსვამდნენ შეკითხვებს.
ქეცბაიას განცხადებით, იგი თავისი ნებით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს: “თუ მეტყვიან, რომ წადი, წავალ”. მისივე თქმით, ხმები ქეცბაიას ნაკრებიდან წასვლის თაობაზე სპორტისა და ახალგაზრდობის “სამინისტროსაგან მოდის”.