აქციის მონაწილეები ჰერცოგ დე რიშელიეს ძეგლთან არიან შეკრებილნი, მათ 10-მდე კარავი აქვთ გაშლილი, სადაც გუშინდელი ღამე გაათიეს. გუშინდელ აქციაზე 150-მდე ადამიანი იყო მისული.
“ოდესა ევროპელებმა ააშენეს – ფრანგებმა და იტალიელებმა, და როგორ შეიძლება ეს ქალაქი არ იყოს პროევროპული?! მაგრამ ზოგადად ეს ქალაქი არ არის პოლიტიკურად აქტიური და ამის გამო არ არის აქციაზე ბევრი ადამიანი,” – უთხრა “ნეტგაზეთს” აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვიტალი კლიჩკოს პარტია “უდარის” წარმომადგენელმა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აქვთ იმედი, რომ ხელისუფლება უკან დაიხევს, თუმცა ისინი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ.
ყველაზე მასშტაბური აქცია უკრაინის მასშტაბით დედაქალაქში – კიევში იმართება. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების პროცესის მზადების შეჩერებას გულისხმობს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები ტარდება.