ამჟამად უკრაინის სხვადასხვა რეგიონში საპროტესტო აქციები გრძელდება. კიევის მთავარ მოედანზე ამ დროის მონაცემებით უკვე 1000-მდე აქციის მონაწილეა შეკრებილი.
გუშინ, 24 ნოემბერს კი, როდესაც კიევში ფართომასშტაბიანი აქცია დაიგეგმა, სხვადასხვა მონაცემით, 30-დან 100 ათასამდე ადამიანი შეკრიბა.
სწორედ გუშინ, ფართომასშტაბიანი აქციის დროს, როდესაც მოქალაქეების ტალღამ გზების გადაკეტვა გამოიწვია, სამართალდამცავებმა მათი დაშლა და გზების გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს. საბოლოოდ, პოლიციამ უკან დაიხია.
შემდეგი დაპირისპირება მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის, დედაქალაქში, “უკრაინული სახლის” უკან კარვების დადგმის გამო მოხდა. როგორც უკრანული მედია წერს, დაპირისპირების დროს 2 სამართალდამცავი დაზარალდა.
დღეს, 25 ნოემბერს აქციის მონაწილეები მინისტრთა კაბინეტის პიკეტირებისთვის კოლონის შექმნას გეგმავენ. უკრაინის შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომიტინგეების მხრიდან 25 ნოემბერს მშვიდობიანი შეკრების თაობაზე განაცხადი არ შესულა.
უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების პროცესის მზადების შეჩერებას გულისხმობს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები ტარდება.
საპროტესტო აქციები რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც ჩატარდა. აქცია უკრაინის საელჩოს წინ საქართველშიც გაიმართა.