“მე მინდა ყველამ ყურადღება მიაქციოს იმ ძალიან მნიშვნელოვან და ამავე დროს ძალიან დრამატულ პერიოდს ქართული საზოგადოების ცხოვრებაში, რომელიც ახლა არის. ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო შემთხვევას. ადამიანმა, რომელმაც ერთი წლის წინ გააერთიანა პოლიტიკური სპექტრი და შეცვალა ქვეყნის ისტორია, გადადგა კიდევ ერთხელ გასაოცარი, გამაოგნებელი მორალური და საზოგადოებრივი ნაბიჯი. დღეს ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეობიდან წავიდა და დღეს ის ხდება საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი. მე ვფიქრობ, რომ ყურადღებით უნდა შევხედოთ ამას, უპრეცედენტოა და ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ ბიძინას ასეთი ნაბიჯიდან”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე მიულოცა პარტიას ერთიანი და კოორდინირებული მუშაობა:
“მინდა ხაზგასმით მადლობა ვუთხრა მთელ პარტიას, მის ხელმძღვანელობას, იმისთვის, როგორ ძლიერად იდგნენ ისინი არჩევნების დროს და როგორ ეფექტურად იმუშავეს”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
მოგვიანებით პრეზიდენტმა ოფიციალური მიმართვაც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ვულოცავ პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ყრილობის ჩატარებას და ახალი ხელმძღვანელობის არჩევას.
„ქართულმა ოცნებამ“ დიდი როლი შეასრულა ავტორიტარული რეჟიმის მშვიდობიანად შეცვლაში და შემდგომ, ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესებზე მიმართული, ევროპული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებაში.
მჯერა, რომ პარტიის ახალი ლიდერის, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნება“ გააღრმავებს და გააძლიერებს ქვეყნის საკეთილდღეო საქმიანობას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა დაუდო სათავე.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“, მის ყველა წევრს იმ დიდი თანადგომისთვის, რასაც საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მიწევდნენ. ვუსურვებ მათ ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს დემოკრატიის განმტკიცების, ქვეყნის განვითარებისთვის საქმიანობაში.
ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ურთულეს პერიოდში საზოგადოების გაერთიანებითა და ქვეყნის განვითარების კურსის არსებითად შეცვლით მან უკვე დაიკავა გამორჩეული ადგილი საქართველოს ისტორიაში.
ამ შემთხვევაში მე მინდა ვილაპარაკო ბიძინა ივანიშვილზე არა როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის გამარჯვებაში ბიძინამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, არამედ როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალქემ და მადლობას გადავუხადო მას ყველაფრისთვის, რასაც ჩემი სამშობლოსთვის 20 წლის მანძილზე აკეთებდა. მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ორი წლის წინ მისმა სამოქალაქო გმირობამ იმედი გააჩინა უიმედობით მოცულ საზოგადოებაში, მოქმედების შესაძლებლობა შექმნა დათრგუნული, რეპრერისებული სახალხო ენერგიისთვის და საბოლოოდ ჩვენი საზოგადოება ისტორიულ გამარჯვებამდე მიიყვანა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან საზოგადოებრივ ასპარეზზე გადასვლა თანამედროვე პოლიტიკურ კულტურაში ახალი ფასეულობების, უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრების საწინდარია. მე ამაყი ვარ, რომ სწორედ ქართველმა მისცა მსოფლიოს მაგალითი სამშობლოს ასეთი მსახურებისა.
ვუსურვებ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჯანმრთელობასა და წარმატებებს”, – ნათქვამია მარგველაშვილის მიმართვაში.