ახალი ამბები

სასულიერო პირები, ხელისუფლება, დიპლომატები -ვახშამი რედისონში გიორგობის ღამეს [Video]

24 ნოემბერი, 2013
სასულიერო პირები, ხელისუფლება, დიპლომატები -ვახშამი რედისონში გიორგობის ღამეს [Video]

 ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლი აფორმებდა, მედიისთვის დახურული იყო. სტუმრებმა “რედისონი” დაახლოებით 22.00 საათზე დატოვეს. რამდენიმე სტუმარმა “რედისონში””ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ისინი ვახშამზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა გიორგი ზვიადაძემ მიიწვია. პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე არის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი. ვახშამს ასევე ესწრებოდა გიორგი ანდრიაძე, საპატრიარქოს ყოფილი საპარლამენტო მდივანი. 

 

მიღებას საზოგადოების სხვა ცნობილ სახეებთან ერთად ესწრებონდნენ აშშ–ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი და საქართველოში აკრედიტებული სხვა საელჩოების წარმომადგენლები,  საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე.

ნეტგაზეთმა ჯერჯერობით ვერ გაარკვია, ვინ დააფინანსა და რა თანხა დაჯდა ეს მიღება. ეკა ბესელიამ “ნეტგაზეთს” სასტუმრო რედისონში განუცხადა, რომ ღონისძიება გიორგობის დღესასწულის უკავშირდება, რომელიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ 23 ნოემბერს აღნიშნა, ხოლო მასპინძელი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე იყო.

გიორგი ზვიადაძემ ამ საკითხზე ნეტგაზეთთან საუბარი არ ისურვა:

“არაფერი აქ არ ხდება, გიორგობას გილოცავთ”, – განაცხადა სასულიერო პირმა.

რიჩარდ ნორლანდი და გიორგი ზვიადაძე
რიჩარდ ნორლანდი და გიორგი ზვიადაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი