ახალი ამბები

როგორია მთავარი პროკურორის გეგმები და სტრატეგია

21 ნოემბერი, 2013 • • 1064
როგორია მთავარი პროკურორის გეგმები და სტრატეგია

“პროკურატურის  ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიმაჩნია სტაბილური და თანმიმდევრულად განვითარებადი პროკურატურის სისტემის საბოლოოდ ჩამოყალიბება. რაც, თავის მხრივ,  გულისხმობს ხარისხიანი და ეფექტური გამოძიების წარმოებას, კომპეტენტური საპროცესო ზედამხედველობის განხორციელებას, სასამართლო პროცესებზე პროკურორთა კვალიფიციურ გამოსვლას. ყოველივე ამის ერთადერთი მიზანი კი არის საქმეებზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა.

 

აღნიშნული ამოცანების წარმატებით დასაძლევად, საჭიროა, ერთი მხრივ, ძლიერი და ერთიანი პროფესიული  გუნდის ჩამოყალიბება და მათი თავდაუზოგავი მუშაობა, ხოლო მეორე მხრივ, სისტემის სწორი მართვა და ეფექტური  მენეჯმენტის განხორციელება.  ვფიქრობ, რომ პროკურატურის მუშაკთა უმრავლესობა  პროფესიონალია, თუმცა, ცხადია, ამით არ გამოვრიცხავ გარკვეული საკადრო ცვლილებების განხორციელებას  და  სტრუქტურულ ოპტიმიზაციას, რომლის მიზანი სისტემის  სრული გაჯანსაღება და მუშაობის გაუმჯობესება იქნება.

 

ოთარ ფარცხალაძე
ოთარ ფარცხალაძე

პროკურატურაში ჩემი მუშაობის პერიოდში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული სფერო, ასევე, აუცილებლად  იქნება ახალგაზრდა და პერსპექტიული კადრების მოზიდვის, მათი სტაჟირების ფარგლებში გადამზადების,  საუკეთესოების  დასაქმების და ამ სეგმენტის პროკურატურის ორგანოებში მუდმივი შემოდინების კუთხით  მუშაობის შესამჩნევად გაძლიერება.

 

ვფიქრობ, კიდევ  უფრო უნდა დაიხვეწოს მოქმედ პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების, ტრეინინგების, სემინარებისა  და პერიოდული ტესტირების სისტემა, ვინაიდან პროკურატურაში მიღწეულ იქნეს და შემდგომ შენარჩუნდეს  სტაბილური და ერთიანი მაღალი სტანდარტის დონე.

 

ასევე, ვფიქრობ, რომ შესაძლოა პროკურატურაში შემოღებულ იქნეს  თანამშრომელთა ე.წ.  შიდა შეფასების სისტემა, რომელიც შედგენილი იქნება სხვადასხვა კრიტერიუმისგან, რაც, ერთი მხრივ, იქნება ჯანსაღი კონკურენციის და საკუთარ თავზე სისტემატურად მუშაობის მზაობის საფუძველი თითოეული პროკურორის მხრიდან,  ხოლო მეორე მხრივ, საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ კონკრეტული პროკურორების საქმიანობის ხარისხი, დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, რათა პირველ შემთხვევაში მოხდეს წარმატებული პროკურორების დაწინაურება თუ წახალისება, ხოლო მეორე შემთხვევაში- მათი მუშაობის დახვეწა- გამოსწორება”, – ნათქვამია ოთარ ფარცხალაძის განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი