ახალი ამბები

მეტროსადგური “გურამიშვილი” უახლოეს დღეებში გაიხსნება

3 მაისი, 2018 • 3269
მეტროსადგური “გურამიშვილი” უახლოეს დღეებში გაიხსნება

მეტროსადგური “გურამიშვილი” უახლოეს დღეებში გაიხსნება, ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურმა ნეტგაზეთს უთხრა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მეტროსადგური, რომლის რეაბილიტაციაც 2017 წელს დაიწყო, მგზავრებს ან ამ კვირაში, ან მომდევნო კვირის დასაწყისში მიიღებს.

“მეტროსადგურში უნდა ჩატარებულიყო მასიური სამუშაოები, რის გამოც გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი თვის განმავლობაში ის მგზავრებისთვის დაკეტილიყო, ასე იყო გათვლილი თავიდან. თუმცა ამას დაემთხვა ვარკეთილის მეტროს ნგრევა. შესაბამისად, მერიამ და სატრანსპროტო კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ მეტროს სადგურები, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, შეეჩერებინათ და ჩატარებულიყო კვლევა, რამაც წაიღო დრო და გურამიშვილის რეაბილიტაციის ვადის გაგრძელება გამოიწვია ,”- განმარტავენ კომპანიაში.

მათივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებული იყო, სადგურის ზოგ ნაწილში, რომელიც დეტალურ ექსპერტიზას არ საჭიროებდა, გარკვეული სამუშაოები მაინც ჩატარდა.

“როგორიც არის ზედა ვესტიბულის რეაბილიტაცია, სამომსახურეო ოთახების კეთილმოწყობა და დახრილი გვირაბის რემონტი. ეს სამუშაოები, ახლა მიმდინარეობს დასუფთავებითი სამუშაოები. რაც შეეხება ბაქანს, ქვემოთ ბაქანზე დემონტაჟი ჩაუტარდა ბეტონის თაღის ქოლგას, ეს იყო ყველაზე მასიური სამუშაო, რომლის გამოც “გურამიშვილი” დაიკეტა,” – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

როგორც ნეტგაზეთს უთხრეს, ამ მომენტისთვის დაიგეგმა მოსაცდელი ბაქანის და სალიანდაგო ბეტონის კვლევითი სამუშაოები, რის შემდეგაც სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება, “ოღონდ ეს ისეთი ტიპის სამუშაოებია, რომლებიც შესრულდება, როდესაც მეტრო აღარ იმუშავებს, ანუ ღამის საათებში, რათა მგზავრებს დისკომფორტი არ შეექმნათ,”.

რაც შეეხება იმ სადგურებს, რომელთა რეაბილიტაციაც ვარკეთილის მეტროს ნგრევის შემდეგ შეჩერდა, როგორც სატრანსპორტო სამსახურში აღნიშნავენ, სადგურების კვლევის პროცესი დროში გაიწელა და ჯერჯერობით მათ საბოლოო, ერთიანი დასკვნა არ აქვთ.

“როგორც კი მოვა “სამგორისა” და  “ავლაბრის” სადგურიბის კვლევის შედეგები, სამუშაოები განახლდება და გარკვეულ დროში დასრულდება,” – გვითხრეს სატრანსპორტო კომპანიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი