ახალი ამბები

მარიხუანის კულტივირების საქმეზე შსს-ში გირჩის წევრს კითხავენ

2 მაისი, 2018 •
მარიხუანის კულტივირების საქმეზე შსს-ში გირჩის წევრს კითხავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “გირჩის” წევრი ნიკა ობოლაძე მოწმის სტატუსით პოლიციაში იკითხება. უწყების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265 – ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული ნ.ო. გამოავლინეს. პოლიციამ სავარაუდო ნარკოტიკული საშაულება კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღო. ამ დროისთვის ნ.ო. მოწმის სტატუსით პოლიციაში იკითხაება,”-აცხადებენ შსს-ში.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ნიკა ობოლაძესთან ადვოკატი არ იმყოფება.

“როცა შევედი, ვთქვი, რომ ადვოკატი ვარ, მომთხოვეს ორდერი. ორდერი სად უნდა გამეკეთებინა? ხომ ხვდებით, რა სიტუაციაში ვიყავი. ამიტომ ვუთხარი, რომ ორდერის გარეშე ვიქნებოდი, თუმცა, როგორც კი ხმა ამოვიღე და ვთქვი, რომ ასე არ შეიძლებოდა, მითხრეს, შენ ორდერი არ გაქვს და გარეთ გამომიშვეს. შემიძლია ორდერი გავაკეთო და შევიდე, მაგრამ ეს ხომ კონცერტია სინამდვილეში. ნიკა ობოლაძეს არაფერი არ სჭირს ჩემი დასაცავი. საჯარო პირია და ზუსტად იცის, რა პროცესშიც იმყოფება. ამიტომ არ დაგვჭირვებია, რომ იქ ადვოკატი გვყოლოდა,”-აცხადებს იაგო ხვიჩია.

ნიკა ობოლაძის დაკავების შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. პარტიის წევრების ინფორმაციით, მას კანაფის ქოთანი ეჭირა, როდესაც პოლიციის განყოფილებაში ყოველგვარი განმარტების გარეშე შეიყვანეს.

“15 კაცია ამით დაკავებული, კრიმინალს ებრძვიან ამ წუთას. ნიკა ობოლაძე შეიყვანეს ერთი ქოთანი მოსაწევით, რომელსაც მთელი თბილისი მოვატარე. მაგაზე დიდი ძირი მაქვს მიტანილი “იმედის” ეთერში, მთელი ქვეყანა მიყურებდა,” – ამბობს პარტიის ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი