ახალი ამბები

პროგრესი ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში

21 ნოემბერი, 2013 •
პროგრესი ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში

ევროკომისიამ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი 10-11 ოქტომბერს თბილისში განხორციელებული ევროკავშირის ექსპერტთა მისიისა და ქართული მხარის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე შეაფასა. ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი კომიტეტების: სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დიალოგის შედეგები. საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა თითოეული ამ ფორმატის ფარგლებში წარმატებულად შეფასდა.

 

უსაფრთხოებისა და საზღვრის მართვის სფეროში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მხრივ, საქართველო უკვე დასკვნით ეტაპზეა. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველო წარმატებულია იმ ვალდებულებების შესრულების კუთხითაც, რომლებიც უკავშირდება მიგრაციის მართვას, თავშესაფრის პოლიტიკას, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, საგარეო ურთიერთობებსა და ადამიანის უფლებებს.

 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკომისია გააგრძელებს სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის საკითხში საქართველოს მხარდაჭერას  და აქტიურად განახორციელებს გეგმის ოთხივე ბლოკით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგს.

მასალების გადაბეჭდვის წესი