ახალი ამბებიკომენტარი

საქართველო, ნატო, შავი ზღვის უსაფრთხოება – ინტერვიუ ტრეისი ჯერმანთან

3 მაისი, 2018 • 4250
საქართველო, ნატო, შავი ზღვის უსაფრთხოება – ინტერვიუ ტრეისი ჯერმანთან

დოქტორი ტრეისი ჯერმანი, რომელიც ლონდონის სამეფო კოლეჯის უსაფრთხოების კვლევების დეპარტამენტის დეკანის მოადგილეა, მიიჩნევს, რომ ნატო არ დათანხმდება საქართველოს იმ პირობით ალიანსში მიღებას, რომლის თანახმადაც მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჯერმანი,ასევე ფიქრობს, რომ წელს, ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე, საქართველო კვლავ ვერ მიიღებს მაპ-ს. ტრეისი ჯერმანს ნეტგაზეთი თბილისში ესაუბრა. ის საქართველოში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში ჩამოვიდა.

ჩემი პირველი შეკითხვა ეხება Heritage Foundation-ის პოლიტიკის დოკუმენტს, რომლის ავტორი ლუკ კოფი წერს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება შესაძლებელია იმ პირობით, რომ ალიანსის მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თქვენ როგორ აფასებთ ამ ინიციატივას? მის დადებით და უარყოფით მხარეებს და რამდენად რეალისტური ვარიანტია ეს?

მეხუთე მუხლი ერთ-ერთი დიდი შემაკავებელი ფაქტორია საქართველოს ნატოში წევრობის, ამიტომ ეს შეთავაზება, ერთი მხრივ, ძალიან პოზიტიური შეიძლება იყოს, მაგრამ მეხუთე მუხლი წარმოადგენს ნატოს, როგორც ინსტიტუტის ბირთვს, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ წევრი ქვეყნები ამას გაიზიარებენ. ეს საინტერესო შეთავაზებაა, მაგრამ ამ იდეასთან დაკავშირებული სხვა დისკუსიის შესახებ არ მსმენია. მხოლოდ პოლიტიკის დოკუმენტია, სადაც ამ ვარიანტზე საუბრობენ.

ჩვენ მოვისმინეთ ჯეიმს აპატურაის კომენტარი და ის ამბობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება არარეალისტურია ნატოს მეხუთე მუხლის ნაწილობრივ მოქმედებით. როგორ ფიქრობთ, რატომ აქვს ნატოს ეს პოზიცია?

ნატო მოწყობილია როგორც კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია და ამ იდეისთვის მეხუთე მუხლი აბსოლუტურად ფუნდამენტურია. ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს მთელ ორგანიზაციაზე თავდასხმას. რა არის ამ შემთხვევაში საქართველოს მიზანი, თუ ის არ იქნება დაცული ნატოს მეხუთე მუხლით? შეიძლება საქართველო უფრო არაკომფორტულ სიტუაციაშიც კი აღმოჩნდეს.

ამ დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოში უსაფრთხოების შესახებ მომუშავე ადამიანები ამბობდნენ, რომ ეს კარგი ვარიანტია, ასე საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიები მომავალი საფრთხეებისგან იქნება დაცული და ეს ქვეყანას ეკონომიკური განვითარების საშუალებასაც მისცემს… ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში, სხვა რა გზა არსებობს?

კონფლიქტის გადაწყვეტა კიდევ ერთი მთავარი ვალდებულებაა, რომელიც ნატოს წევრობის გზაზე არსებობს და ცხადია, რომ საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ეს იცის რუსეთმა და იცის, რომ [ეს კონფლიქტები] ბარიერია საქართველოსთვის ნატოში წევრობის გზაზე. მეხუთე მუხლი უსაფრთხოების გარანტიაა, შენ არ შეიძლება იყო ორგანიზაციის წევრი და თან არ გქონდეს უსაფრთხოების გარანტია.

ამავე დოკუმენტში მოყვანილია გერმანიის მაგალითი, როგორც ანალოგიური შემთხვევა, თქვენ ხედავთ მსგავსებას?

უნდა შევხედოთ იმას, ეს როდის მოხდა. ნატოს შექმნისას მეორე მსოფლიო ომი ახალი დასრულებული იყო და ცივი ომის პირობები არსებობდა, მაშინ ნატოში გერმანიის გაწევრების აუცილებლობა არსებობდა, მეორე მსოფლიო ომის მოგონებები ძალიან ახალი იყო, ამიტომ მსგავსებას ვერ ვხედავ.

მეორე საკითხი, რომელიც ნატოსა და საქართველოს შორის არსებობს, ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტს უკავშირდება. ჩვენ ვიცით, რომ ნატო რუმინეთში გააქტიურდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ცხადი, როგორ მიიღებს მონაწილეობას საქართველო ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტში, მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით საუბრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რატომ გაგრძელდა მოლაპარაკებები ასე დიდხანს?

იმიტომ, რომ შავი ზღვა რუსეთისთვის ძალიან სენსიტიური სივრცეა. ნატო გრძნობს, რომ მას სჭირდება მისი წარმოამდგენლობის გაზრდა შავი ზღვაში, მათ შორის, შეკავების კონტექსტში. აქ ძალიან მყიფე ზღვარი არსებობს შეკავებასა და ესკალაციას შორის და ნატოს არ უნდა გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომელიც შეიძლება ესკალაციის ფორმად იქნას აღქმული მოსკოვში.

თუ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, როგორ ფიქრობთ, საქართველოს, როგორც არაწევრ ქვეყანას, როგორ შეუძლია შავი ზღვის უსაფრთხოების პროექტში ჩართვა?

საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ISAF-ის მისიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგრამ საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის ჩართულობა შავ ზღვაში ისევ იმ საკითხთან დაგვაბრუნებს, რაზეც ვსაუბრობდი. სწორედ იმ მყიფე ხაზის გამო ნატოს არ უნდა, რომ მისი ნაბიჯები პროვოკაციულად იქნას დანახული.

ნატოს სამიტი უნდა გაიმართოს ივლისში, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, რაც საქართველომ ნატოს წევრობის დაპირება მიიღო, 10 წელი გადის, როგორ ფიქრობთ, რა მთავარი სარგებელი შეიძლება საქართველომ ამ სამიტისგან მიიღოს, რას უნდა ველოდოთ?

შესთავაზებენ თუ არა საქართველოს მაპ-ს ამ სამიტზე? ამით გაკვირვებული დავრჩებოდი. ვფიქრობ, რომ ნატო ინტენსიურ თანამშრომლობას და პარტნიორობას შესთავაზებს საქართველოს. ძალიან ბევრი დაძაბულობა არსებობს რუსეთთან დაკავშირებით, სიტუაცია გართულებულია ბრიტანეთში  სკრიპალის სკანდალის გამო.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში ვხედავდით, რომ ბრიტანეთის პოლიტიკური ინტერესი რუსეთის მიმართ ძალიან მწირი იყო და მას დიდი ყურადღება არ ეთმებოდა. 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ და ახლა სკრიპალების გამო, გაერთიანებული სამეფოს პოზიცია შეიცვალა, მეტი დაძაბულობა არსებობს და ვფიქრობ, რომ ეს ამცირებს შანსს, საქართველომ მიიღოს მაპ-ი. ერთი მხრივ, თითქოს ამ მდგომარეობას პირიქით უნდა წაეხალისებინა ნატო, საქართველოს მსგავს ქვეყნებთან ურთიერთობა გაეძლიერებინა… ეს იმიტომაა, რომ ნატოს შიგნით კონსენსუსის ნაკლებობაა რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში, ასევე, მომავალი გაფართოების კონტექსტში.

რატომ არსებობს კონსენსუსის ნაკლებობა?

ერთი მხრივ, არსებობს მოკავშირეების ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის ნაწილი, რომლებიც რუსეთს მთავარ საფრთხედ განიხილავენ ევროპული უსაფრთხოებისთვის, მეორე მხრივ, ვხედავთ მოკავშირეების სამხრეთის ნაწილს, რომელიც ამ საფრთხეს ვერ ხედავს, ან ნაკლებად ხედავს. მათთვის მთავარი საფრთხე უკონტროლო მიგრაცია და შუა აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხეებია. მართალია, ბრიტანეთის პოზიციები შეიცვალა, მაგრამ სამხრეთის ნაწილში არ შეცვლილა ეს პოზიციები და ისინი რუსეთს კვლავ ნაკლებ საფრთხედ განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი