“ძალიან რთული ამოცანაა, როცა ადამიანი ადამიანს ნდობას უცხადებს. მით უმეტეს, რომ ეს არის არა ჩვენი პირადი ნდობა, არამედ სახელისუფლებო ნდობა, და ჩვენ ჩვენი ნდობით თქვენ სახელმწიფო ძალაუფლებას განდობთ, განდობთ სახელმწიფო ხელისუფლებას.
ამ ამოცანის სირთულე კიდევ უფრო იმაშია, რომ ჩვენ თქვენ განდობთ იმ ძალაუფლებას, რომელიც ერთი წლის წინ საპარლამენტო არჩევნებზე გვანდეს.
ქართველმა ხალხმა ნდობა იმ პიროვნებას გამოუცხადა, რომლის სახელიც დღეს ყველაზე მეტად გაჟღერდა პარლამენტის ტრიბუნიდან. აქ არ არის საუბარი მესიაზე, მხსნელზე და გადამრჩენელზე. ეს რომ ასე არ არის, ბიძინა ივანიშვილმა პირველ რიგში საკუთარი გადაწყვეტილებით დაადასტურა, როდესაც ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ პირვანდელი განცხადება რეალობად აქცია. ჩვენ, უმრავლესობის წარმომადგენლები, დღევანდელი დღიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობის და ტვირთის მატარებლები ვხდებით, რადგან რეალურად ჩვენ დღეიდან ვიღებთ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე. რეალურად დღეიდან იწყება ჩვენი საქმე და მინდა ამას ყველამ ერთად – როგორც ერთიან გუნდს შეშვენის, თავი გავართვათ.
სამართლიანობა დასამკვიდრებელია ამ ქვეყანაში და ეს გასაკეთებელია, ამას ხალხი ელის და ჩვენ მათ ვუხდით მადლობას იმ ბრძოლისთვის, იმ გამძლეობისთვის და იმ თანადგომისთვის, რომელიც ამ ბოლო არჩევნებზეც დადასტურდა და გამოვლინდა. ამისთვის სერიოზული შრომაა საჭირო და სერიოზული გააზრებაა საჭირო იმისა, თუ სად ვართ და რას ვაკეთებთ.
ამასობაში შევხედოთ, რამხელა პროგრესია ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის თავზე ეს ადამიანები, ჩვენი კოლეგები პარლამენტში, მე მგონი, გულწრფელად საუბრობენ იმაზე, რომ ოპოზიციის უფლებები არ უნდა დაირღვესო, გულწრფელად საუბრობენ იმაზე, ბიზნესის დატერორება არ შეიძლებაო, გულწრფელად საუბრობენ იმაზე, რომ მედია თავისუფალი უნდა იყოსო, სასამართლო თავისუფალი უნდა იყოსო, მე მგონი, გულწრფელები არიან. ერთი წლის განმავლობაში ეს არის საკმარისი პროგრესი და ამაზე მეტს ნუ ვითხოვთ.
ამასობაში თუ ჩვენ ხალხს მივეცით პირობა, რომ ვიქნებით გამაერთიანებელი ერის და ჩვენი სამშობლოსი, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ გაერთიანება ნიშნავს მართლების და მტყუანების გაერთიანებას, იმიტომ, რომ ერი, ქვეყანა და ხალხი- ეს არის მთელი. თუ ჩვენ დავიწყებთ მხოლოდ იმ ადამიანების გაერთიანებას, ვინც ვთვლით, რომ მართლები ვართ, მაშინ იმავე არასწორ გზას დავადგებით, საიდანაც გამოსვლა გვინდა, ამიტომ ეს არ არის სწორი კრიტერიუმი, ვინ ვის მართალი და მტყუანი მიაჩნია, სწორი კრიტერიუმია კანონის უზენაესობა, სასჯელის გარდაუვალობა და უდანაშაულობის პრეზუმპცია. აი, ამ პრინციპების დაცვით, ჩვენ შევძლებთ გაერთიანებასაც და იმ პრობლემებთან გამკლავებასაც, რაც გვაწუხებს ყველას ერთად, მაგრამ კიდევ ერთხელ, იმ პირობით, იმ დათქმით, რომ ჩვენ სამი წელიღა დაგვრჩა ხელისუფლებაში ყოფნის,”- განაცხადა უსუფაშვილმა.