მანდატურის სამსახურის განმარტებით, ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სკოლაში მანდატურის ერთ-ერთი ვალდებულება სკოლის შიდა პერიმეტრის კონტროლია და, შესაბამისად, მანდატურის სამსახურის განცხადებით, თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით სრულად ფლობს ინფორმაციას და სკოლის შიდა პერიმეტრზე თანხის გამოძალვის ფაქტები არ ფიქსირდება.
“რაც შეეხება სკოლის გარე პერიმეტრს, მანდატურები სიტუაციას მხოლოდ შეზღუდულ, მოსწავლის ან მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში აკონტროლებენ. შესაბამისად, მანდატურის სამსახური მშობლებს მოუწოდებს, სკოლის პერიმეტრის გარეთ დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, რეაგირებისთვის მიმართონ როგორც სკოლის მანდატურს, ასევე, სკოლის დირექტორს. მანდატურის სამსახური მოთხოვნისთანავე ჩაერთვება და კომპეტენციის ფარგლებში მყისიერ რეაგირებას მოახდენს.
ნებისმიერი დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მანდატური ვალდებულია შეადგინოს დარღვევის აღრიცხვის ფურცელი, მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს და სკოლის ადმინისტრაციას. ფაქტის გამოვლენის მომენტიდან მანდატური ასევე მეთვალყურეობას უწევს დარღვევაში მონაწილე პირებს.
აღსანიშნავია, რომ მანდატურის სამსახური ორიენტირებულია მსგავსი პრობლემების მინიმუმადე დაყვანაზე. შესაბამისად, ვხედავთ საჭიროებას, რომ მანდატურს ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც შეეძლოს რეაგირება. ამ მიზნით მომზადებულია მანდატურის სამსახურის რეფორმა, რაც ითვალისწინებს მანდატურის გადამზადებას ბავშვთა დაცვის ოფიცრად,”- წერია მანდატურის სამსახურის განცხადებაში.
რეფორმის თანახმად, მანდატურის სამსახურის განცხადებით, ბავშვთა დაცვის ოფიცერი იზრუნებს ბავშვის, როგორც ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, ასევე, ფსიქოლოგიურად ჯანსაღი კლიმატის შექმნაზე.
“მან უნდა შეძლოს მცირე კონფლიქტების მოგვარება და მედიაცია, ბავშვის ქცევითი დარღვევებისა და ფსიქოლოგიური პრობლემების იდენტიფიცირება და ფსიქოლოგიურ ან შესაბამის სამსახურში გადამისამართება. ამასთანავე, ბავშვის თხოვნით, ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაცვის მიზნით შეეძლება ბავშვის სახლამდე მიცილება.”