ახალი ამბები

ცხოველის უფლების დარღვევის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

20 ნოემბერი, 2013 • • 2454
ცხოველის უფლების დარღვევის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ამის შესახებ “ნეტგაზეთთან” საუბარში პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განაცხადა:


“დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლით, ეს გახლავთ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლი, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დანარჩენ პროცედურებზე ვერ ვისაუბრებთ. გამოძიება დღეს დაიწყო და ფაქტი როდესაც დადგინდება, გაცნობებთ”, – განაცხადა პაიჭაძემ.

 

საქმე ეხება ძაღლის სიკვდილის ფაქტს. როგორც ძაღლის პატრონები აცხადებენ, ერთ–ერთმა მეზობელმა მათ ძაღლი თოფით მოუკლა, შემდეგ თავი ნაჯახით მოკვეთა და ფოტო გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook–ზე განათავსა.

 

ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით ცხოველთა უფლებებზე მომუშავე რამდენიე ორგანიზაციამ მოქალაქეებთან ერთად გუშინ პროკურატურის შენობასთან აქცია გამართა. დღეს კი ორგანიზაციებმა ამ საკითხზე სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს:

 

“როგორც სასტიკად მოკლული ძაღლის პატრონი, ასევე, ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციები მოვითხოვთ დამნაშავის სამაგალითო დასჯას.

ცხოველების მიმართ სისასტიკე ბოლო პერიოდში უკვე ქრონიკულ ხასიათს იღებს და ვთვლით, რომ ამის მიზეზი სწორედ სამართალდამცავი ორგანოების პასიურობა და მათი მხრიდან კანონის უგულებელყოფაა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ფაქტზე სამოქალაქო საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს და დაგმოს ეს სისასტიკე, რადგანაც ცხოველების მიმართ ასეთი არაჰუმანური და სასტიკი მოპყრობა როგორც ქვეყნის იმიჯისთვის, ასევე, საზოგადოების უსაფრთხოებისთვის საზიანო და საშიშია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია თავჯდომარე ვახტანგ მამალაძე, „ცხოველთა უფლებების ადვოკატირების ცენტრი“ თამარ აქუბარდია და დაზარალებული მხარე აწერენ.

აქცია პროკურატურასთან, ფოტო: ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი
აქცია პროკურატურასთან, ფოტო: ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი

მასალების გადაბეჭდვის წესი