მხარეებმა 2014 წლის ბიუჯეტი და მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილეს.
“პრაქტიკულად სავალუტო ფონდმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის ხედვა, ეს უფრო დიდ იმედს გვაძლევს, რომ მომავალ წელს საქართველო მიაღწევს ყველა იმ დაგეგმილ მაკროეკონომიკურ პარამეტრს, რომელზეც ჩვენ ვმსჯელობდით და რომელსაც ეყრდნობა 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე 7 პროცენტამდე იქნება ზრდა სეზონურობის მიხედვით. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, რომ მთელ წელზე 6-პროცენტაინ ზრდაზე გავიდეთ, მაგრამ შემოდგომა და ზამთრის პირველი თვე გვაძლევს იმის იმედებს, რომ მომავალი წლის პროგნოზი მიღწეული იქნება,” – განაცხადა ნოდარ ხადურმა სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრის შემდეგ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მარკ გრიფიტსის პროგნოზით, 2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-მდე გაიზრდება:
“განვიხილავთ საერთო საფინანასო სურათს და სამომავლო გეგმებს. წელს ეკონომიკურმა ზრდამ 2,5 პროცენტს მიაღწია. ვთვლი, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა. 2014 წელს 5-პროცენტიან ზრდას ველით. ამისთვის კი პოლიტიკური სტაბილურობა და გაუმჯობესებული ბიზნესგარემო გვჭირდება.”