ახალი ამბები

ღარიბაშვილი წინა ხელისუფლებაზე: თქვენი რეჟიმი იყო რაღაც ნეოფაშისტური წარმონაქმნი

19 ნოემბერი, 2013 •
ღარიბაშვილი წინა ხელისუფლებაზე: თქვენი რეჟიმი იყო რაღაც ნეოფაშისტური წარმონაქმნი

გივი თარგამაძის კითხვები სპეცდანიშნულების რაზმებს, კერძოდ, კარალეთის  რაზმის განახევრებას ეხებოდა, რაზეც ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეს არასწორია. ასევე, თარგამაძის კითხვა რომან შამათავას და მალხაზ მურღულიას დაკავებას ეხებოდა. 

ირაკლი ღრიბაშვილის თქმით, მას სამინისტროში ყველაზე მეგობრული დამოკიდებულება სპეცრაზმელებთან ჰქონდა:

“თქვენ მიერ ნახსენები სპეცდანიშნულების რაზმების ბაზები იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მე ვიყავი ის მინისტრი, რომელმაც თითქმის ყველა ბაზაზე დავიწყე რენოვაცია და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. თქვენი შეკითხვა იმდენად უხერხულობას მიქმნის, რომ მე მომიწევს ჩემს გაკეთებულ საქმეებზე საუბარი, მაგრამ თქვენ იმდენად ოსტატურად ცდილობთ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში… თქვენ იტყუებით, როდესაც ამბობთ, რომ მე სპეცდანიშნულების რაზმების მიმართ მქონდა განსხვავებული პოლიტიკა, ან აგრესია და ა.შ. სამინისტროში ყველაზე მეტად მეგობრული დამოკიდებულება მქონდა სპეცრაზმელების მიმართ. ამას ნებისმიერი სპეცრაზმელი დაგიდასტურებთ.”

ღრიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თარგამაძე უსირცხვილოდ ტყუის და “ნაციონალურ მოძრაობას” ნეოფაშისტური წარმონაქმნი უწოდა:

“გავაკეთე ისეთი რაღაცები, რაც თქვენ 9 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ. ამუნიციაც მე შევიძინე, იარაღებიც მე შევიძინე, ძალიან ბევრი გავაკეთე, რაც თქვენ 9 წლის განმავლობაში არ გაგიკეთბიათ, მაგრამ თქვენ უსირცხვილოდ  გამოდიხართ და მეუბნებით, რომ მე თურმე სპეცდანიშნულების რაზმებს ვებრძვი. ეს არის ცინიზმი, ეს არის ტყუილი. თქვენ წარმოადგენთ წინა ხელისუფლებას, რომელმაც დააპატიმრა ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც უკანონოდ ამყოფეთ ციხეში. ჩემი ოჯახის წევრის მსგავსად თქვენ გაასამართლეთ 300 ათასი ადამიანი 9 წლის განმავლობაში, თქვენი რეჟიმი იყო რაღაც ნეოფაშისტური წარმონაქმნი.”

მისივე თქმით, ძალიან სერიოზული ბრალდებები არსებობს, თუ როგორ ხდებოდა დაკვეთები, გატაცებები, მკვლელობები და ა.შ.

“რაც შეეხება თქვენ მეირ ნახსენებ სპეცრაზმელებს, გამოძიება მიმდინარეობს, ასე რომ, დაელოდეთ.”

“მე მინდა გამოვთქვა შეშფოთება და აღშფოთება თქვენ მიერ ტერმინი “ნეოფაშისტურის” გამოყენების მიმართ, რაც კარგი ლუსტრაციაა იმისა, თუ როგორ ხართ თქვენ განწყობილი ჩაებათ ცივილიზებულ პოლიტიკურ კონკურენციაში და დემოკრატიულ წესებზე დამყარებულ კონკურენციაში, რასაც თქვენ ქადაგებთ,”- უპასუხა გიორგი კანდელაკმა ღარიბაშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი