ახალი ამბები

თბილისის მერიამ უსახლკაროთათვის ღამის გასათევად თავშესაფრების მოწყობა გადაწყვიტა

18 ნოემბერი, 2013 • • 1133
თბილისის მერიამ უსახლკაროთათვის ღამის გასათევად თავშესაფრების მოწყობა გადაწყვიტა

“უსახლკაროთა საკითხი საკმაოდ პრობლემურად დადგა ქალაქში. ჩვენ ორი მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას, ერთი- ეს არის სოციალური სახლები, რომელიც სულ სხვა თემაა და გაცილებით უფრო რთული თემაა, რადგან საკანონმდბლო ბაზის მომზადებას საჭიროებს. მეორე საკითხი არის უსახლკაროები, მისამართის არმქონე პირები. მათთვის გვინდა გაკეთდეს თავშესაფარი. ჩვენ ამაზე ახლა ინტენსიურად ვმუშაობთ”, – აცხადებს მამუკა ქაცარავა და დასძენს, რომ მერია კონსულტაციებს გადის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისათვის, რომ ეს პრობლემა ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ მოაგვაროს. მისივე თქმით, მერიას ამ საკითხზე შეხვედრები უკვე ჰქონდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის კარიტასთან, “წითელ ჯვართან” და სხვა ამ მიმართულებით მომუშავე ჯგუფებთან. ქაცარავა ადასტურებს, რომ მათ ერთი შეხვედრა ჰქონდათ არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობასთან”, რომელსაც უსახლკარო ოჯახებისთვის სურდა საცხოვრისის მოწყობა, მაგრამ ეს პროექტი შეჩერდა. მისივე განმარტებით, თავშესაფარი, რომლის აშენებაც მერიას სურს, განსხვავდება ზემოხსენებული საცხოვრისისაგან, რადგან ეს თავშესაფარი უსახლკაროებს მხოლოდ ღამის განმავლობაში მოემსახურება.

“იდენტობასთან” შეხვედრა ჩვენ ინიციატივით მოხდა, იმიტომ, რომ ერთ–ერთ სატელევიზიო გადაცემაში მათ აღნიშნეს, რომ ექნებოდათ გარკვეული რეკომენდაციები ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ არა მარტო იდენტობასთან გავდივართ კონსულტაციებს, არამედ სხვადასხავა არასამთავრობოსთან, და გვინდა, რომ სახელმწიფოსთან, მერიასთან ერთად ამ პროცესში საზოგადოებაც იყოს ჩართული. ვფიქრობთ, რომ ეს არის საკმაოდ სენსიტიური და მგრძნობიარე თემა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ თბილისში იყოს თავშესაფარი, რომელიც მოემსახურება პრაქტიკულად ყველა გარეთ დარჩენილ ადამიანს, მაგრამ აქ საუბარი არ არის რაღაც საბინაო პირობების გაუმჯობესების სოციალურ პოლიტიკაზე. ეს იქნება ღამის თავშესაფარი.  სადღაც ღამის 18:00 – 20:00 საათზე უნდა შეიძლებოდეს იქ მისვლა, ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება რაღაც სასტუმროს ტიპის დაწესებულება, თუმცა იქ საღამოს საათებში ცხელი ულუფის მიღების შესაძლებლობაც უნდა იყოს. ევროპასა და ამერიკაში სწორედ ამ პრაქტიკით მუშაობს ასეთი ტიპის საცხოვრებლები. სანიტარული რეჟიმიც იქნება დაცული და დილის გარკვეულ საათზე, თუმცა ეს დღის წესრიგი დასადგენია, ადამიანმა უნდა დატოვოს საცხოვრისი, საღამოს ისევ მიმართავს და ასე შემდეგ”, – აცხადებს ქაცარავა და დასძენს, რომ ზუსტი მონაცემთა ბაზა, თუ რამდენი უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს თბილისში, რომელიც მსგავსი თავშესაფრის მომსახურებას საჭიროებს, არ არსებობს, თუმცა, მისი ვარაუდით, იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ღამის გათევის პრობლემა მუდმივად აქვს, 300–ს არ აღემატება.

“ეს საშუალებას მოგვცემს, რომ მონაცემთა ბაზაზეც დავიწყოთ მუშაობა. გამოძებნილია უკვე რადმენიმე შენობა და გავდვივართ კონსულტაციებს, თუ რა დატვირთვა უნდა ჰქონდეს საცხოვრისს. რა თქმა უნდა, იქ უნდა იყოს ბოქსები დაავადებული ადამიანებისთვის, შეიძლება იგივე უსახლკაროს ჰქონდეს მაღალი ტემპერატურა და ჰოსპიტალიზაციას არ ექვემდებარებოდეს. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს ოთახები, რომ სიცივეში საცხოვრისიდან არ გამოვიყვანოთ ადამიანი. ალკოჰოლურ მდგომარეობაში მისული ადამიანებისთვისაც უნდა იყოს ცალკე ოთახები. ანუ გვინდა, რომ თვისობრივი დატვირთვით გავანიწლოთ ყველა ოთახი და ამა თუ იმ კატეგორიის ადამიანს მოემსახუროს ეს საცხოვრისი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება ეს საკითხი საბოლოოდ”, –  აცხადებს იგი.

 

ქაცარავა ვარაუდობს, რომ ზემოხსენებული თავშესაფრის სისტემის სრულად, გამართულად აწყობას 1–2 წელიწადი დასჭირდება. მას ამ პროცესში შესაბამისი გამოცდილების მქონე არასამთავრობო სექტორის, განსაკუთრებით კი კარიტასის და ‘წითელი ჯვრის დახმარების იმედი აქვს. მისივე თქმით, ორი თავშესაფარი ამ ზამთრისთვისვე უნდა მოეწყოს: ერთი, ისანი–სამგორის რაიონში, ხოლო მეორე, გლდანი–ნაძალადევში. შესაძლოა, ეს პროცესი უკვე იანვარში დასრულდეს, თუმცა ქაცარავას განმარტებით, მიმდინარე პერიოდის განმავლობაში მერია ეცდება, რომ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით უსახლკაროებს პალიატური პრინციპით დაეხმაროს, რაც გულისხმობს, მაგალითად, მერიის უფასო სასადილოების თავშესაფრად გადაკეთებას, რისი გამოცდილებაც, მისივე თქმით, უკვე არსებობს:

 

“ვფიქრობთ, რომ გარკვეული შეცდომები და ხარვეზები შეიძლება იყოს კიდევაც ერთი წლის განმავლობაში, რადგან ჩვენ ამ მხრივაც გვქონდა კონსულტაციები… განვიხილეთ გერმანიის და შვეიცარიის თავშესაფრები. რა თქმა უნდა, ეს მაგალითები ჯერ ჩვენთან არ გამოდგება, ჩვენ უნდა გადავდგათ პრაქტიკული ნაბიჯები ერთი წლის განმავლობაში მაინც, რომ რელაური სურათი ვნახოთ. უნდა შეიქმნას მონაცემთა ბაზა, რომ საბოლოოდ ქალაქში არ არსებობდეს ღამით უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი, რომელიც ან შიმშილით დაიღუპება, ან სიცივით.

… ჩვენ რამდენიმე ვარიანტს გავდივართ. ვნახეთ რამდენიმე შენობა. აშენება შორს წაგვიყვანდა… არის შენობები, რომელიც მერიის საკუთრებაა და შეიძლება იქ სარემონტო სამუშაოების შედეგად თავშესაფრის მოწყობა. გარდა ამისა, არის შენობები, რომელიც არასამთავობოებს აქვთ გადაცემული მსგავსი საქველმოქმედო მიზნებისთვის. მათთან გვინდა კონსულტაციები. შეიძლება ერთობლივად დავიწყოთ- ერთი, ვთქვათ, ჩვენი შენობა და მეორე, რომელიც არასამთავრობოს აქვს გადაცემული, რომ ვნახოთ, ადმინისტრირების რომელი ფორმა აჯობებს. ჩვენ გვინდა, რომ პრაქტიკაში ვნახოთ ეს ყველაფერი და რეალობაზე მორგებული ნაბიჯები გადავდგათ და იმის მიხედვით განვითარდეს ეს თემა. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ უახლოეს დღეებში გადაწყდება, რა ფორმით მოხდება ადმინსიტრირება, რათა დაცული იყოს წესრიგი. იქ ჩართული უნდა იყოს პოლიციაც, სამედიცინო კომპონენტიც იქნება. შეიძლება მობილური ჯგუფები გვყავდეს, რომლებიც იდენტიფიცირების შემდეგ უსახლკარობეთან თვითონ მივლენ”.

ქაცარავას თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, წითელმა ჯვარმა და კარიტასმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა იმისათვის, რომ პროექტის განხორციელბას გვერდში დაუდგენენ, მათ შორის პირველ ეტაპზე ფინანსური კუთხითაც, ხოლო როდესაც სისტემა გაიმართება, მას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი აიღებს სრულად საკუთარ ვადლებულებად. რაც შეეხება იმას, თუ ვინ განახორციელებს თავშესაფრის ადმინისტრირებას, მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ სავარაუდოდ გამოცხადდება ტენდერი და გამარჯვებული არასამთავრობო ჯგუფი მიხედავს ამ საქმეს და არა მერიის რომელიმე სამსახური. მისივე თქმით, ასეთი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში მონაწილეობის თვალსაზრისით მერია არც ერთ ჯგუფს არ დაბლოკავს, მათ შორის არც საპატრიარქოს მიერ გაკრიტიკებულ “იდენტობას”.

“ადმინსიტრირებას ვინ გააკეთებს, ამაზე ჩვენ ალბათ ტენდერს გამოვაცხადებთ. ვერავის ვერ დავბლოკავთ. გამოვაცხადებთ კონკურსს და იმ კონურსში ვინც ყველაზე კარგ პირობებს წამოაყენებს, ის გაიმარჯვებს, გინდაც ფინანსურად, გინდაც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილებით”.

 

 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დაიწყო თბილისის მერიამ აქამდე მსგავს პროექტზე მუშაობა, ქაცარავა აცხადებს:

 

“სისტემური მიდგომა არ გვქონია და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სისტემურად გადაიჭრას. გადასაჭრელი მარტო ეს საკითხი კი არ არის, ძალიან ბევრი პრობლემაა ქალაქში. სოციალური პრობლემები არ არის გადაჭრილი, რომელიღაც იწყება და მთავრდება. ღამის თავშესაფრის კუთხით მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საკითხი იყოს გადაჭრილი. არ ვართ ჩვენ მდიდარი ქვეყანა და ყველა პრობლემას ერთდროულად ვერ ვჭრით. სოციალურ საცხოვრისზე როდესაც ვლაპარაკობდით, ჩვენ 72 სოციალური ბინა გვაქვს, მეტი არ გვაქვს, ესეც დავიწყეთ და რაღაც გამოცდილება მივიღეთ, აქაც შეიძლება სისტემური გადაწყვეტილება იყოს მიღებული, მაგრამ ეს არის უკვე საბინაო სოციალური პოლიტიკა”.

 

შეგახსენებთ, რომ თავშესაფრის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც გეგმავენ მუშაობას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი