ახალი ამბები

42% სსრკ-ის დაშლას უარყოფითად აფასებს

30 აპრილი, 2018 • 3699
42% სსრკ-ის დაშლას უარყოფითად აფასებს

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის კარგი მოვლენა იყო. 42% კი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო. კითხვაზე “არ ვიცი” გამოკითხულთა 14-მა პროცენტმა უპასუხა.

2017 წელს ანალოგიურ კითხვაზე გამოკითხულთა 48 პროცენტი აცხადებდა, რომ ეს საქართველოსთივს დადებითი მოვლენა იყო. უცვლელია გამოკითხულთა პროცენტული წილი, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდ მოვლენად შეაფასეს. ეს მონაცემი გასულ წელსაც 42 პროცენტი იყო. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია იმ პირების პროცენტული წილი, ვინც კითხვას “არ ვიცი” უპასუხა. გასულ წელს მსგავსი პასუხი გამოკითხულთა 10-მა პროცენტმა დააფიქსირა.

კვლევის მიხედვით, სიღრმისეული ანალიზით დგინდება, რომ დიდი ალბათობით, გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელიც სსრკ-ის დაშლას საქართველოსთვის დადებით მოვლენად აფასებს, ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანებას უჭერდეს მხარს (დაახლოებით 75%).

კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 65%  ემხრობა ევროკავშირში , ხოლო 21% – ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას.

NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.

მასალების გადაბეჭდვის წესი