NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.
NDI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს, 30 აპრილს გამოქვეყნდა, საქართველოს მოსახლეობის 63% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.
ამავე კვლევის მიხედვით, 13%-მა კითხვას უპასუხა, რომ არ იცის, 8%-მა საფრთხედ დაასახელა თურქეთი, 5%-მა კი -აშშ.
საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თავად საქართველო დაასახელა მოსახლეობით ერთმა პროცენტმა, იგივე რაოდენობამ კი დაასახელა აზერბაიჯანი და სომხეთი.
ამავე კვლევის მიხედვით, 30%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად უზრუნველყოფს აშშ, 16%-ს – თავად საქართველოს, მხოლოდ 13%-ს კი ჰგონია, რომ ეს ყველაზე მეტად რუსეთს შეუძლია.
გარდა ამისა, მოსახლეობის 53% ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთთან დაკავშირებულ ფაქტორებს ასახელებს. 33%-ის აზრით, ეს არის რუსეთის სამხედრი აგრესია, 11% – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია, 7% – პროპაგანდა.
მოსახლეობის 9% ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ ტერორიზმს მიიჩნევს, 5% – თურქეთის ინტერესებს საქართველოში, 4% – რელიოგიურ დაპირისპირებებს, 3% კი – ნატოსა და ევროკაშირში გაწევრიანებას.