ახალი ამბები

NDI: მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

30 აპრილი, 2018 • 2161
NDI: მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს, 30 აპრილს, თბილისში წარმოადგინა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.

კვლევის მიხედვით, ეროვნული მასშტაბით, მოსახლეობის 39%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 29%-ის აზრით, ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, ზუსტად იგივე ოდენობა კი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. 3%-მა კითხვას გასცა პასუხი “არ ვიცი”.

თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში გაცილებით მაღალი, 45%-ია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც ჰგონია, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

სოფლის მოსახლეობის მხოლოდ 36%-ს ჰგონია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში კი ეს მაჩვენებელი არის 26%. შესაბამისად, სწორედ სოფლებსა (32%) და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (42%) მიაჩნიათ ყველაზე მეტად, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI-ს დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული კვლევა საქართველოში საზოგადოების განწყობებს ასახავს. გამოკითხვა 2018 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის მონაკვეთში ჩატარდა.  მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 2 194 პირი. ცდომის საშუალო ზღვარი არის +/- 2.2%.

მასალების გადაბეჭდვის წესი