ახალი ამბებიხელოვნება

თბილისის 21-ე ჯაზ-ფესტივალი Bad Plus-მა გახსნა [ფოტო/ვიდეო]

28 აპრილი, 2018 • 2310
თბილისის 21-ე ჯაზ-ფესტივალი Bad Plus-მა გახსნა [ფოტო/ვიდეო]

28 აპრილს, თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალი, Event Hall-ში Bad Plus-მა გახსნა. ცნობილი ამერიკული ჯაზ-ტრიო მსმენელს გემოვნებიანი ჯაზ-მუსიკით საათზე მეტ ხანს ანებივრებდა. ფესტივალის დანარჩენ ორ დღეს, ასევე, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტები გაიმართება.

ამერიკული ჯაზ-ტრიოს ისტორია, ჯერ კიდევ, 1989 წლიდან დაიწყო, როდესაც ეთან ივერსონმა (კლავიში), რიდ ანდერსონმა (ბასი) და დევიდ ქინგმა (დრამი) პირველად შეასრულეს ერთობლივი კომპოზიციები. თუმცა ბენდი Bad Plus-ს სახელწოდებით ოფიციალურად 2000 წლიდან არსებობს. ბენდმა პირველი ალბომი იმავე წელს გამოუშვა და მას “Fresh Sound” დაარქვა.

ახლადშექმნილი ტრიოს წარმატებული კარიერა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯაზ-კლუბში სახელწოდებით Village Vanguard მათ კონცერტს Columbia Records-ის წარმომადგენლმა, ივ ბუვემ მოუსმინა და ჯგუფთან კონტრაქტი გააფორმა.

თბილისის 21-ე ჯაზ-ფესტივალი – Bad Plus ივენთ ჰოლში. 28.04.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თბილისის 21-ე ჯაზ-ფესტივალი – Bad Plus ივენთ ჰოლში. 28.04.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თბილისის 21-ე ჯაზ-ფესტივალი – Bad Plus ივენთ ჰოლში. 28.04.2018. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ღონისძიების ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან, თბილისის ჯაზ-ფესტივალი ყოველწლიურად, შემოდგომის ნაცვლად გაზაფხულზე, აპრილის ბოლოს გაიმართება და ჯაზის მოყვარულებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს „ჯაზის საერთაშორისო დღეს“ დაემთხვევა.

2003 წელს, ჯაზ-ტრიომ რიგით მეორე ალბომი, სახელწოდებით  – “These Are the Vistas” გამოუშვა. 2004-2007 წლებში, მათკიდევ სამ ალბომზე “Give“,  “Suspicious Activity?” და “Prog“ იმუშავეს. აღსანიშნავია ჯაზ-ტრიოს მიერ 2008 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი, სახელწოდებით “For All I Care”, რომელზეც ვოკალისტ ვენდი ლიუსთან ერთად იმუშავეს. Bad Plus-ის ყველაზე პოპულარული და ცნობილი ალბომი “Never Stop” კი, 2010 წლის სექტემბერში გამოვიდა.

ვის მოუსმენთ 29-30 აპრილს

29 აპრილს კლუბში “რესპუბლიკა” მსმენელის წინაშე, აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფი Naturally 7, ასევე DJ Derrick McKenzie (Jamiroquai) და Steve Taylor (iCulture) წარდგებიან.

30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში რიგით 21-ე ჯაზ-ფესტივალს Miles Electric Band დახურავს, რომელსაც სპეციალური სტუმარი, ცნობილი საქსაფონისტი რავი კოლტრეინი ეყოლება.

ფესტივალის ფარგლებში, მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები – Sandro Bibich Trio/სანდრო ბიბიჩ ტრიო, რომლის შემადგენლობაში არიან სანდრო კვაჭაძე (ბასი/ვოკალი), გიგი ცინცაძე (გიტარა), დანიელ ადიკაშვილი (დრამი); ასევე კონსერვატორიის ჯაზ-ბენდი/Conservatoire Jazz Band ლილიკო კორკოტაშვილის (ვოკალი), მიხეილ ჯაფარიძის (ბასი), ლუკა თოფურიას(კლავიში), გიგი ცინცაძისა (გიტარა) და გიო კაპანაძის (დრამი) შემადგენლობით.

ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში, იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა. ჯაზის დღეს მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა კონცერტებითა და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს, მათ შორის არის საქართველოც, რომელიც 2018 წლიდან, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას სწორედ 21 წლიანი ტრადიციის მქონე თბილისის ჯაზ-ფესტივალით გააგრძელებს.

ფესტივალის წარმდგენია თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS, ხოლო ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი