ახალი ამბები

საია და ISFED შუალედურ არჩევნებს აფასებენ

29 აპრილი, 2018 • 1542
საია და ISFED შუალედურ არჩევნებს აფასებენ
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და სამართლიანი არჩევნები (ISFED) ხონსა და ვანში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს აფასებენ. მათ შეფასებებს უცვლელად გთავაზობთ.

საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 აპრილს ვანსა და ხონში მაჟორიტარული სისტემით გასამართ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს დააკვირდა.

კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ადგილი არ ჰქონია ძალადობის შემთხვევებს. ინციდენტს ჰქონდა ადგილი ხონის #5 საარჩევნო უბანთან, როდესაც ერთმანეთს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლების შეყვანის პროცესი.

ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 2018 წლის 26 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, ვანის #53 საარჩევნო ოლქში შემავალ 31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიებშიდამატებით შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რამაც საარჩევნო კანონმდებლობით 3%-იანი ზღვარის გადამეტება განაპირობა.

31 საარჩევნო უბნიდან 25 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩევლების დამატებით შეყვანა გამონაკლისს აღარ წარმოადგენდა, რაცბადებს ეჭვს გადასატანი ყუთის მეშვეობით ამომრჩეველთა ხმების მობილიზების შესახებ.

აღნიშნულმა შემთხვევებმა დღის წესრიგში დააყენა საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, რომ სავარაუდოდ, დაირღვა ამომრჩევლების გადასატანი ყუთის სიაშიშეყვანის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესი. ამასთან, შესაძლოა, ჩვენს მიერ გადამოწმებული ვანის #21 და #23 საარჩევნო უბნების შემთხვევები შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

აგრეთვე, არ არის გამორიცხული რომ მსგავს ფაქტებს შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სხვა საარჩევნო უბნებზე. ცალკეულ შემთხვევებში, საიას დამკვირვებლები სავარაუდო დარღვევებს აფიქსირებდნენ, რაც ზეპირი შენიშვენების დაფიქსირების შემდეგაღმოიფხვა. ასეთ შემთხვევებში საიას დამკვირვებლები საჩივრებს აღარ წერდნენ.

კვლავ დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც აწარმოებნენ უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას. აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნისმიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას.

საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა რიგი შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ ცენტრალურიდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

რიგი პროცედურული დარღვევები:

არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა საარჩევნო უბანზე – 4 შემთხვევა (ვანის #6, #9 ხონის #26 საარჩევნო უბნები)

კომისიის წევრთა მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტები: კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადდნენ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიის მიერ დანიშნული წევრები. ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიაში არ გამოცხადებულა „ევროპული საქართველოს“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრი.

სამართლიანი არჩევნები

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 28 აპრილის პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ხონისა და ვანის #54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 25 საუბნო, 2 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 2 მობილური ჯგუფის მეშვეობით აკვირდებოდა.

არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. ძირითადი დასკვნები „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხმის მიცემის, უბნების დახურვის, დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა.

პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა რამდენიმე საარჩევნო უბანზე. 28 აპრილის შუალედურ არჩევნებზე გამოკვეთილ ტენდენციას წარმოადგენდა გადასატანი ყუთის საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რაც საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე უტოლდებოდა ან აღემატებოდა საარჩევნო კოდექსით დადგენილ 3%-იან ზღვარს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, იმ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, სადაც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფი ამომრჩეველი აღემატება საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლების 3 პროცენტს, აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩევლის დამატებით შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

აღნიშნულ საკითხზე, #53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიის 26 აპრილის #13/2018 განკარგულება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც გადასატანი ყუთის სიაში ამომრჩეველთა შეყვანის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს. საარჩევნო უბნებზე გადასატანი ყუთის სიებში ამომრჩეველთა მაღალი პროცენტულობა შესაძლოა ქმნიდეს საარჩევნო მანიპულაციის საფრთხეს, რადგან გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურების თავისებურებიდან გამომდინარე მეტია ასეთი მანიპულირების საშუალება.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ 4 საჩივარი წარადგინა საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირა 5 შენიშვნა.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს 6 დარღვევა.

#54-53 (ვანის) ოლქის #13 და #20 საარჩევნო უბნებზე, #54-55 (ხონის) ოლქის #11 და #12 საარჩევნო უბნებზე რეგისტრატორებმა ამომრჩეველს ბიულეტენი გადასცეს ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერის გარეშე;

#54-53 (ვანის) ოლქის #9 საარჩევნო უბანზე ერთი ორგანიზაციის („ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“) ორი დამკვირვებელი იმყოფებოდა.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მითითების შემდეგ ერთ-ერთმა არაუფლებამოსილმა პირმა დატოვა უბანი. #54-55 (ხონის) ოლქის #11 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმი არასწორად იქნა შედგენილი, კერძოდ, არასწორად მიეთითა არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა.

„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი