გია ვოლსკი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მას ამ ახალ თანამდებობაზე გარკვეული გეგმები აქვს, თუმცა ჯერ კონკრეტულს ვერაფერს იტყვის, რადგან ფრაქციის წევრებს უნდა შეხვდეს და ჩამოყალიბდეს.
მისივე თქმით, დღესვე უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, რომელიც ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირინა იმერლიშვილმა უშიშროების საბჭოში გადაინაცვლა, დეპუტატ გიორგი კახიანის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ქუცნაშვილის ვოლსკით ჩანაცვლება ძალიან ნორმალური პროცესია. პარტიის აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ ამ თანამებობიდან გადაყენება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ქუცნაშვილის საქმიანობით უკმაყოფილოა:
“ძალიან ნორმალური პროცესია, როცა ფრაქციაში და პოლიტიკურ სივრცეში არის ცვლილებები. ყოველთვის შეიძლება ცვლილებები. ქუცნაშვილის საქმიანობით უკმაყოფლიო არავინ ყოფილა, უბრალოდ ახალი ამოცანებია ამ ეტაპზე და საჭირო გახდა ცვლილებები”, – უთხრა ახვლედიანმა “ნეტგაზეთს”.