ახალი ამბები

ავთანდილ დემეტრაშვილი: კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტი უსუსური არ იქნება

18 ნოემბერი, 2013 • • 2066
ავთანდილ დემეტრაშვილი: კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტი უსუსური არ იქნება

როგორც დემეტრაშვილმა დღეს, 18 ნოემბერს რეპორტიორის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სრულიად იცვლება პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის ურთიერთობისა და უფლებამოსილების გადანაწილების ინსტიტუციური ჩარჩო.

ავთანდილ დემეტრაშვილი
ავთანდილ დემეტრაშვილი

“ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც განხორციელდა ამ რედაქციით, ეხება პრეზიდენტის როლს სახელმწიფოებრივ სტრუქტრაში. დღემდე არსებული რედაქციით პრეზიდენტი რეალურად იყო ხელისუფლების წყარო. მას ჰქონდა კონკრეტული საკანონმდებლო და აღმასრულებელი უფლებამოსილებები. იგი გადამწყვეტი ფიგურა იყო სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებასა და ფორმირებაში. მთავრობის, საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთო სასამართლოების ფორმირებაში მას დომინანტური პოზიცია ჰქონდა. ეს ყველაფერი იცვლება. პრეზიდენტს აღარ აქვს აქტიური საკანონმდებლო უფლებამოსილებები, მას აღარ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, შესაბამისად, ვეღარ მოსთხოვს პარლამენტს მისი კანონპროექტების რიგგარეშე განხილვას, მას აღარ აქვს უფლება მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და იქ გაიტანოს თავისი საკითხი, ანუ მას აღარ აქვს შესაძლებლობა მოახდინოს პარლამენტის დღის წესრიგის მონოპოლიზება”, – ამბობს კონსტიტუციონალისტი და დასძენს, რომ მიუხედავად ზემოთქმულისა, პრეზიდენტს მაინც რჩება საკანონმდებლო ორგანოზე ზემოქმედების ერთი ბერკეტი.

“იმავდროულად, მე მინდა, რომ თავი დავიცვათ მეორე უკდურესებისაგან: თითქოს პრეზიდენტი უსუსური ხდება და, როგორც ამბობენ, მხოლოდ სიმბოლური იქნებაო. ეს ასე არ არის. ასევე ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტის ძირითადი დანიშნულება წითელი ლენტების ჭრა და ცერემონიალური ფუნქციების განხორციელება იქნებაო… საკუთრივ საკანონმდებლო სფეროში მას პარლამენტზე გარკვეული ზეგავლენის შესაძლებლობები გააჩნია. მას არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, ის აღარ მონაწილეობს განხილვებში, მაგრამ მას გააჩნია ვეტოს უფლება, ამით ან ვეტოს გამოყენების მუქარით მას შეუძლია გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს პარლამენტის საქმიანობაზე, თუმცა დღევანდელ პოლიტიკურ კონფიგურაციაში, ალბათ, ამის საჭირობა არ იქნება, ვინაიდან ერთიანი პოლიტიკური ვერტიკალი დგება, რომელსაც ქმნის როგორც პარლამენტი, ასევე, მთავრობა და პრეზიდენტიც”.

კონსტიტუციონალისტის განმარტებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები მთავრობასთან მიმართებაშიც სუსტდება, რადგან იგი აღმასრულებელ უფლებამოსილებებს კარგავს:

“რაც შეეხება პრეზიდენტის მიმართებას მთავობასთან, თუ აქმდე პრეზიდენტს ჰქონდა გადამწყვეტი როლი მის ფორმირებაში, მას ამ პროცესში ახლა მხოლოდ ნომინალური მონაწილეობა აქვს. მას აღარ შეუძლია მთავრობის გადაყენება, რისი უფლებაც დღემდე ჰქონდა, მას აღარ აქვს უფლება გადააყენოს სამი ძალოვანი მინისტრი და იუსტიციის მინისტრი, რაც აქამდე შეეძლო, აღარ შეუძლია კურატორობა გაუწიოს ამ სამინისტროთა საქმიანობას, მას არ შეუძლია გააუქმოს მთავრობის აქტები, მაგრამ გარკვეული შესაძლებლობები მთავრობასთან მიმართებაში მას კვლავ გააჩნია. პრეზიდენტს შეუძლია მოითხოვოს მთავრობის სხდომის მოწვევა, ამ სხდომაზე განიხილოს მის მიერ დასმული საკითხი, თვითონ მიიღოს მონაწილეობა ამ სხდომაში და მასთან ერთად იქნებიან უშიშროების საბჭოს წევრები.

 

იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტს ლეგიტიმაციის ძალიან მაღალი ხარისხი გააჩნია, რადგან ხალხის მიერ არის არჩეული, მას ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ მე ხალხმა მომცა სახელმწიფოს მეთაურის მანდატი, ხალხმა მომცა უმაღლესი მთავარსარდლის მანდატი, მე მომცეს ქვეყნის წარმომადგენლის მანდატი საგარეო ურთიერთობებში, მე ვარ არბიტრი სახელმწიფო ორგანოთა საქმინაობაში და პრეზიდენტს ამაზე აპელირებით ყოველთვის შეეძლება საკითხების მთავრობის სდომაზე გატანა”, – აცხადებს დემეტრაშვილი.

მისივე თქმით, არ იქნება სწორი, თუ ვინმე პრეზიდენტის იმ ე.წ. სამეფო უფლებამოსილებების შეზღუდვას მოინდომებს, რომელიც მას კონსტიტუციის ახალი რედაქციითაც გააჩნია. ესენია: შეწყალების უფლება, მოქალაქეობის მინიჭების უფლება და ჯილდოების მინიჭების უფლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი