ახალი ამბები

მეუფე იაკობი: წინა ხელისუფლების დროს საკონცენტრაციო ბანაკების ქვეყანაში ვცხოვრობდით

18 ნოემბერი, 2013 •
მეუფე იაკობი: წინა ხელისუფლების დროს საკონცენტრაციო ბანაკების ქვეყანაში ვცხოვრობდით

“არავის იმიტომ არ ვახსენებ მწარე წარსულს, რომ ვიღაცაზე ნიშნის მოგება მინდა. ეს იყო “გულაგების” და საკონცენტრაციო ბანაკების ქვეყანა და უფრო უარესი, ეს იყო ყოველი ადამიანის დაშინება. ის არაფერია, ქუჩაში თუ მანქანას არ იპარავდნენ, შეიძლება ადამიანი მოეპარათ და გაექროთ. რამდენი ადამიანი გაქრა ასე, რომ ვეღარც ცოცხალი უპოვიათ და ვეღარც მკვდარი. ისინი ხომ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს არ წაუყვანია, ეს ისევ ჩვენმა თანამემამულეებმა ჩაიდინეს, სამწუხაროდ, ვიღაცების დაკვეთით. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც ქართველ კაცს უჭირდა საქართველოში დარჩენა და ბევრი გაიქცა საზღვარგარეთ. დღეს უკვე მილიონნახევარზე მეტი ქართველი გადახვეწილია საქართველოდან. ეს ძალიან მტკივნეულია, ამით საფრთხე ადგება ჩვენს გენოფონდს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

მან ციხეში პატიმართა წამებას შეგნებული გენოციდი უწოდა. მისივე თქმით, წინა ხელისუფლებისგან არც საქართველოს ტერიტორიის 20%–ის დაკარგვაა გასაკვირი.

“ასევე, თუ გავიხსენებთ ასიათასობით სასჯელდადებულს და ათასობით ციხეში მყოფ ადამიანს, რომლებსაც არაადამიანურად ეპყრობოდნენ, მე მაინც ვიტყვი, დავაფიქსირებ და ნებისმიერს, სადაც უნდა იქ შევხვდები და ჩემს აზრს იქაც დავამტკიცებ, ღვთის წინაშეც არ მეშინია ამის თქმა, რომ ეს იყო შეგნებული გენოციდი.

 

ზოგი ნამყოფიც არ იყო ჩვენს ქვეყანაში, ისე აძლევდნენ მოქალაქეობას, როდესაც დამსახურებულ ქართველებს, მე დღევანდელ პრემიერზე არ მაქვს საუბარი, ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი იყვნენ სხვები, იმათაც არ მისცეს მოქალაქეობა და სხვებს ის ნიშა უნდა ამოევსოთ, რაც ქართველებს ასე იძულებით გაათავისუფლებინეს. ამიტომ აღარ იყო საკვირველი, რომ ძალიან ადვილად, სულ რამოდეინმე დღეში შეელიენ ჩვენი ქვეყნის 20%–ის მტერზე გადაბარებას”

მეუფე იაკობის თქმით, არჩევნების შემდეგ ქართველმა ხალხმა სხვა რეალობა აირჩია:

 

ეპისკოპოსი იაკობი
ეპისკოპოსი იაკობი

“უკვე აღარ იქნება კონკრეტული პიროვნება სათავეში და სხვამ ჩაანაცვლა, სხვებსაც უნდა გახარებოდათ, იმ მონებს, რომლებიც იმ ერთ ადამიანს ემონებოდნენ, ისინიც კი არ აპირებენ ამ საყოველთაო სიხარულის გაზიარებას. ჩვენ ღვთის იმედი გვაქვს, რომ ღმერთი ამ კოშმარს სიხარულით შეგვიცვლის. ამის თქმის უფლებას მაძლევს ყოველი ქართველის და საქართველოში მცხოვრები ყოველი ადამიანის განწყობა.

ვინც საქართველოს ანგრევდა, დღეს დასაყრდენი მხოლოდ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში დარჩა. თუ გადახედავთ პრესას, ტელევიზიას- შეხედავთ, ვინც არიან, რა დამსახურება აქვთ მათ ქვეყნის წინაშე. ვერა და ვერ გამოიყვანეს საზოგადოების სახეებად და იმედია, მომავალში ეს ხელისუფლება იღვაწებს იმისთვის, რომ ავტორიტეტებს არ შეებრძოლებიან, პირიქით- ავტორიტეტებს დააწინაურებენ. ქართველი ერი ყოველთვის მიყვებოდა ავტორიტეტებს და მრავალი ისეთი ადამიანი გამოვა ასპარეზზე, რომ ეკლესიას აღარ მოგვიწევს იმაში ჩარევა, რაშიც იძულებული ვიყავით ხოლმე, რომ ჩავრეულიყავით”, – აღნიშნა მან ქადაგებისას.

 

მისივე განცხადებით, არაფერს ნიშნავს საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები, თითქოს საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყო:

 

“ის დახოცილი ხალხი, ის გაუპატიურებული ხალხი, ის ნაწამები ხალხი, ის კერძო ქონებაწართმეული ხალხი, თავიანთ სახელმწიფოში თუ მოუწონებენ თავიანთ ხელისუფალს მასეთ ქმედებას? რომ მიწები დაკარგონ, ბიზნესები წაართვან, დახოცონ ხალხი, ამიტომ უფალს შევთხოვ, რომ ეს დაგვავიწყებინოს როგორც ბოროტი სიზმარი, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ შურისძიების გრძნობა მქონდეს. შურის მაძიებელი ერთი ღმერთია, ჩვენ ქრისტიანები შემწყნარებლები ვართ და კარგად ხედავთ, რომ იძულებით, მაგრამ ვცხოვრობდით ერთმანეთის გვერდზე”

 

მეუფე იაკობმა ახალ პრეზიდენტს და მთავრობასაც მიმართა:

 

“ შევთხოვ უფალს, რომ ისე იღვაწოს ახალმა ხელისუფალმა, რომ გაითვალისწინოს წინა წლების გამოცდილება და აგვარიდოს ბევრ ისეთ რამ, რაც ცუდ მოგონებად დარჩა ჩვენ ერს.

 

ახალ პრეზიდენტს ვუსურვებ, რომ ჭეშმარიტად ქართველი ერის პრეზიდენტი ყოფილიყოს, ჩვენს მთავრობას ვუსურვებ, რომ ხალხის სამსახურში ყოფილიყოს და ერს ვუსურვებ, რომ ძლიერი საქართველოს შექმნაში თითოეულ ჩვენგანს მონაწილეობა მიგვეღოს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი