პრეზიდენტის რანგში ბოლო დღეს, 16 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა თამარ მეფის ორდენით რამდენიმე ჟურნალისტი დააჯილდოვა.
თამარ მეფის ორდენი TV-3 ტოქშოუ „დიდი პოლიტიკის“ ავტორს და წამყვანს ინგა გრიგოლიას, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტოქშოუ „პოზიციის“ ავტორს და წამყვანს ნინო შუბლაძეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტოქშოუ „პროფილის“ ავტორს და წამყვანს მაია ასათიანს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასართობი ტოქშოუს „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ავტორს და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს გადაეცა.
მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, სოფო მოსიძე დააჯილდოვა, იმავე ორდენით დაჯილდოვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალური პროდიუსერი დონარა (დოდო) შონავა
ინგა გრიგოლიას განცხადებით, მას პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან წინასწარ არ შეხმიანებიან და დაჯილდოვების შესახებ საინფორმაციო საშუალებით შეიტყო, იმავეს ამბობენ მაია ასათიანი და სოფო მოსიძე, შესაბამისად, მათთვის ორდენი არ გადაუციათ, თუმცა “ნეტგაზეთის” შეკითხვაზე” მიიღებენ თუ არა ისინი ჯილდოს უკვე ყოფილი პრეზიდენტისგან ცალსახა პასუხი არც ერთ ჟურნალისტს არ გაუცია:
“არც ერთ ქვეყანაში ჟურნალისტებისთვის ორდენების გადაცემა ჩემი აზრით არ არის კარგი და მაინცდამაინც სასიამოვნო ამბავი. აქ არ ვლაპარაკობ არც სააკაშვილზე, არც მარგველაშვილზე, ობამაზე ან ოლანდზე. ნებისმიერ ქვეყანაში ეს არ არის მაინცდამაინც სასიამოვნო ამბავი, როცა ხელისუფლება ორდენებით აჯილდოვებს ჟურნალისტებს. მეც გამიჩნდა კითხვა რატომ მოვხვდი დაჯილდოვებულებს შორის, თუ ვეღირსე საააკაშვილთან ინტერვიუს, აუცილებლად დავსვამ ამ კითხვას”, – განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ინგა გრიგოლიამ.
მიუხედავად მისი პოზიციისა, რომ ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების დაჯილდოვება არ მიაჩნია პოზიტიურ მოვლენად, შეკითხვაზე მიიღებს თუ არა ორდენს გადაცემის შემთხვევაში, კონკრეტულ პასუხს არ სცემს:
“ჩემთვის არავის არანაირი ორდენი არ მოუცია, თუკი ასეთი რამ მოხდება, ჩემს კომენტარს მერე გავაკეთებ, წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა,”– ამბობს ინგა გრიგოლია.
თოქ–შოუ “პროფილი” ავტორი და წამყვანს მაია ასათიანს ასევე არ დაკავშირებიან მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციიდან და არც წინაწარ ყოფილა ინფორმირებული:
“გუშინ ღამით შემთხვევით წავაწყდი ამ ინფორმაციას და ამაზე მეტი არაფერი არ ვიცი, ზუსტად იმავე ინფორმაციას ვფლობ, რასაც თქვენ, ამიტომ ძალიან მოულოდნელი და დაუჯერებელია,”– ამბობს ის.
“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე მიიღებს თუ არა ორდენს, გადაცემის შემთხვევაში, მაია ასათიანმა უპასუხა:
“ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, არ მინდა მეტის თქმა, რადგან იმაზე მეტ ინფორმაციას, რასაც თქვენ ფლობთ, მეც არ ვფლობ”.
ჟურნალისტი სოფო მოსიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ მას აინტერესებს რა დამსახურებისთვის მიიღო აღნიშნული ჯილდო.
თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა, გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, თუ რატომ გადასცემდა სახელმწიფო ჯილდოს ამათუიმ პირს.
განცხადების ტექსტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღე გამორჩეულ ადამიანებს დაუთმო, ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი პროფესიული საქმიანობით დიდი წვლილი შეიტანეს სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს თავიანთი მოღვაწეობის სფეროში.
თუმცა ეს განმარტება საკმარისი არ არის სოფო მოსიძისთვის და გადაწყვეტილებას – მიიღებს თუ არა ღირსების ორდენს სწორედ კონკრეტული პასუხის მიღების შემდეგ მიიღებს:
“მე მაინტერესებს კონკრეტულად რა დამსახურების გამო [დამაჯილდოვეს]. მე ვთვლი, რომ არაფერი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ჩემს პროფესიაში არ გამიკეთებია, ძალიან ზოგადი [განმარტებაა] პროფესიაში მიღწეული დამსახურებისთვის, თუ მეტყვიან ერთ შემთხვევას, რის გამო, დავფიქრდები. მე გამიჩნდა ეჭვი, რომ ალბათ იმიტომ მივიღე ეს ჯილდო, რადგან ყოველთვის ვიყავი კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, როდესაც ვმუშაობდი ტელეკომპანია “მზეში” და “იმედში”, ალბათ იმიტომ მომცა ეს ჯილდო, რომ 4 წელი ვიყავი უმუშევარი, ყველა ტელევიზიის კარი იყო ჩემთვის დახურული, ან შეიძლება იმიტომ მომცა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ვმუშაობ და ყველაზე დაბალანსებულ ახალ ამბებს ვაკეთებ აქ მომუშავე ადამაინებთან ერთად,” –ამბობს ის.
“ნეტგაზეთი” ცდილობდა დაკავშირებოდა ნინო შუბლაძეს და ნანუკა ჟორჟოლიანს, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ჯილდო ჯამში 1000–ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.