ახალი ამბები

ველოსიპედისტები იპოდრომთან ესტაკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან [ფოტო/ვიდეო]

28 აპრილი, 2018 • 2698
ველოსიპედისტები იპოდრომთან ესტაკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან [ფოტო/ვიდეო]

27 აპრილს, საღამოს, ველოსიპედისტებმა ყოფილ იპოდრომთან, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ ადგილას ესტაკადის მშენებლობა არა მხოლოდ ხელს შეუშლის რეკრეაციულ სივრცეზე ხელმისაწვდომობას, ის საფრთხესაც შეუქმნის ველოსიპედისტების სოცოცხლეს.

“ქალაქში ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან და მათ ინფრაქტრუქტურა სჭირდებათ იმისთვის, რომ არ კვდებოდნენ – არ ეჯახებოდნენ ავტომობილები. ესტაკადების მშენებლობა იწვევს ატომობილების გადაადგილების სისწრფის მომატებას და ჩვენი ინტერესების აბსულუტური უგილებელყოფაა კიდევ ერთი ესტაკადის მშენებლობა თბილისის ცენტრში,” – აცხადებენ ველოსიპედისტები.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორი იყო “კრიტიკული მასა”. მათი მოძრაობის მიზანია, ქალაქის მთავრობას გააგებინონ, რომ ველოსიპედისტებს გადაადგილებისთვის უსაფრთხო სივრცე სჭირდებათ და შესაბამისი ინფრაქტრუქტურის შექმნას ითხოვენ.

“ეს პროექტი სრულად დაუსაბუთებელი და გაუაზრებელია. არის უამრავი კვლევა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ესტაკადების მშენებლობა საცობების პრობლემას ვერ გადაჭრის ქალაქში. ჩვენ უნდა ვიყოთ კრიტიკული მასა და უნდა ვიყოთ მეტნი, რადგან ვართ იდეალური მოქალაქეები – ჩვენ დავდივართ ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებით,” – აცხადებს ჯოზეფ სმიტი.

როგორ ესტაკადას აშენებს მერია ძველ იპოდრომთან – ფოტო

როგორც ჯოზეფ სმიტი ამბობს, მათი ძირითადი მოთხოვნაა, რომ ქალაქი უკეთესი და მოხერხებული გახდეს ველოსიპედით გადაადგილებისთვის:

“ესტაკადები ჩვენთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მე თვითონ ვარ ამ მოძრაობის წევრი და ერთგული ველოსიპედისტი.”

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, ძველი იპოდრომის მიმდებარედ, მერია ახალ სატრანსპორტო ესტაკადას აშენებს, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. პროექტის წინააღმდეგ აქცია თბილისის მერიასთანაც გაიმართა რამდენიმე დღის წინ. აქტივისტები დედაქალაქის ხელისუფლებას ესტაკადის შესახებ კვალიფიციური “კვლევის დადებას” სთხოვენ. ჯოზეფ სმიტის თქმით, თბილისის მერიიდან მათ მოთხოვნებს არავინ უპასუხა და არც მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვა ვინმემ.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განგვიცხადეს, რომ ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები ხუთ თვეში დასრულდება და მასზე 2,7 მლნ ლარი დაიხარჯება, რასაც პროექტის მოწინააღმდეგეები ბიუჯეტის თანხების გაფლანგვად აფასებენ. დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პროექტს დადებითად აფასებს, ხოლო ესტაკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს “ტყუილების” გავრცელებაში ადანაშაულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი