ნუ გვაბოლებ! კვლევა დადე! – აქცია მერიასთან ესტაკადის წინააღმდეგ

ნუ გვაბოლობ! კვლევა დადე! – ამ ლოზუნგებით თბილისის მერიასთან ცინცაძე-კარტოზიას კვეთაზე დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ესტაკადის მშენებლობა გუშინ, 18 აპრილს დაიწყო. აქციის ორგანიზატორების თქმით, ამ ნაბიჯის მიღმა არცერთი დასაბუთებული კვლევა არ დგას.

აქციის წევრები იპოდრომთან ესტაკადის აშენებას აპროტესტებენ. 19 აპრილი 2018 წელი, ფოტო: გიორგი დიასამიძე

“დღეს თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე მერმა განაცხადა, რომ ზემოხსენებული პროექტი განხორციელება – მიუხედავად პროექტის წინააღმდეგ მერიაში შეტანილი პეტიციისა (2235 ხელმოწერით) და სფეროში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების და ექსპერტების მიმართვისა.

აქციის წევრები იპოდრომთან ესტაკადის აშენებას აპროტესტებენ. 19 აპრილი 2018 წელი, ფოტო: გიორგი დიასამიძე

ქალაქ თბილისის მერი, როგორც წინა საარჩევნო კამპანიისას, ასევე თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, მტკიცედ უგულებელყოფს სამოქალაქო საზოგადოების აზრს. სრულიად უპასუხოდ დარჩა ჩვენი მოთხოვნა შეხვედრაზე ხსენებულ სატრანსპორტო პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენისთვის,” – ნათქვამია აქციის აღწერაში.

ორგანიზატორების განცხადებით, კალაძე თავისი განცხადებით თბილისის მცხოვრებლების მხოლოდ ერთი ჯგუფის – მძღოლების ინტერესებს ეხმაურება და მხოლოდ მათ კომფორტზე ზრუნავს.

“იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა, კახა კალაძის განცხადება, რომ იგი არ მოერიდება არათუ ხეების გადარგვას, არამედ მოჭრასაც კი, მიგვანიშნებს ძირეულად არასწორი პოლიტიკის გატარებაზე,” – ნათქვამია მათ განცხადებაში.

აქციის წევრები იპოდრომთან ესტაკადის აშენებას აპროტესტებენ. 19 აპრილი 2018 წელი, ფოტო: გიორგი დიასამიძე

საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, ესტაკადის მშენებლობის შესახებ გუშინ, 17 აპრილს გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი.

აქციის ორგანიზატორების თქმით, შემდეგი აქცია 28 აპრილს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.