სტუმრების მიღება პრეზიდენტის სასახლეში დღეს, 16 ნოემბერს დღის 12:00 საათიდან დაიწყო. ექსკურსიის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა:
“”ორ დღეში სრულდება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი და სამწუხაროდ სრულდება ამ შენობის, როგორც პრეზიდენტის სასახლის სტატუსი. ძალიან მტკივნეულია ამის თქმა და ამ რეალობის აღქმა, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შენობა მართლაც ეკუთვნის ხალხს. ვფიქრობთ, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ უნდა იხილოს, რა არის ეს შენობა არა მხოლოდ გარედან, არამედ – შიგნიდან. ამიტომ, 12:00 საათიდან გავხსნით კარს და ყველას, ვისაც ინტერესი აქვს, ვეპატიჟებით, რომ შენობა დაათვალიეროს”– განაცხადა ბარნოვმა.
პრეზიდენტის სასახლეს უკვე საკმაო რაოდენობის დამთავლიერებელი ეწვია.
“მოვედი რომ დავათვალიერო ღირსშესანიშნავი ნივთები, თავად პრეზიდენტის სასახლე, მაინტერესებდა ყოველთვის, როგორი შენობაა და როგორ იყო მოწყობილი”– განაცხადა ერთ–ერთმა მოქალაქემ ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას.
“გული მწყდება, რომ ახალი პრეზიდენტი არ შემოვიდა ამ სასახლეში”,–აცხადებს რეზიდენციის ერთ–ერთი სტუმარი.
მოქალაქეებს პრეზიდენტის სასახლის დათვალიერებაში გიდები ეხმარებიან.
თავის მხრივ მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის’ ოფიციალურ გვერდზე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურის თანამშრომლებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და ზოგადად ყველა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლის მიმართ:
“აღტაცებას ვერ ვმალავ იმ ფაქტის გამო, რომ განსაკუთრებით ბოლო კვირებში და დღეებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამრომლები გვიან ღამემდე შრომობდნენ და პირნათლად ასრულებდნენ მათ მოვალეობას. მე მინახავს თუ როგორ ჩამოშლილა ბევრი განვითარებული და მდიდარი ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საპრეზიდენტო ვადის დასასრულისთვის, საქართველოში ეს არ მოხდა!
ეს ნამდვილი სასწაულია იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ისტორიის უმეტესი ნაწილი არის ღალატის უსასრულო ჯაჭვი. ასეთი წარსულის ფონზე, ის რომ საქართველოში ბოლო წლებში ჩამოყალიბდა თავისი ქვეყნის, ხალხისა და მოვალეობების ერთგული სახელმწიფო სამსახურების თანამშრომელთა კლასი – ნამდვილად რევოლუციური მოვლენაა.
მინდა გითხრათ, რომ თქვენი არსებობა უკეთესი მომავლის უდიდესი იმედის მომცემია. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ წლებში თქვენთან ერთად ხალხის სამსახურში ყოფნა. მინდა გითხრათ, რომ მუდმივად ვიქნები ვალში თქვენი პროფესიონალიზმის, წესიერების და თავდადების წინაშე”. – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ტექსტში.
მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრო ბარნოვმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლების დიდი ნაწილი, განაკუთრებით სამსახურის უფროსები აპირებს რომ მიხეილ სააკაშვილის წინაშე მოიხსნას უფლება–მოსილება.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 17 ნოემბერს ახლადარჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციაა. მისი განცხადებით იგი არ აპირებს მოქმედ პრეზიდენტის სასახლეში გადასვლას. ხელისუფლების განცხადებით, შენობაში ქართულ–ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება.
