ახალი ამბები

“მრავალეროვანი საქართველო” “აირზენას” ღია წერილით მიმართავს

16 ნოემბერი, 2013 •
“მრავალეროვანი საქართველო” “აირზენას” ღია წერილით მიმართავს

“15 ნოემბერს, საერთო-სამოქალაქო მოძრაობამ „მრავალეროვანმა საქართველომ“ ღია წერილით მიმართა ავიაკომპანია „აირზენა – საქართველოს ავიახაზებს“, კომპანიის საბორტო ჟურნალში (#4 (38) 2013) გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის აზრით, მასალა სახელწოდებით „ხალხები და ხასიათები“ (ავტორი ნინო ლურსმანაშვილი) ხალხთა სტერეოტიპულ დახასიათებებს შეიცავს, კერძოდ, ამერიკელების, ინგლისელების, გერმანელების, ფრანგების და იაპონელების მიმართ.


აღნიშნულ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია სიძულვილის ენის გამოვლინებას წარმოადგენს და ხელს უწყობს ზემოხსენებულ ხალხთა მიმართ მკითხველებში ნეგატიური და დამამცირებელი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.


აღნიშნულთან დაკავშირებით, „მრავალეროვანი საქართველო“ კომპანია „აირზენას“ დაჟინებით ურჩევს, რათა აღნიშნული ჟურნალი ამოღებულ იქნას სარგებლობიდან, ასევე გამოთქვამს იმედს, რომ მასალაში მოყვანილი ინფორმაცია არ ასახავს კომპანიის დამოკიდებულებას და მისი ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ მიიღებს მხედველობაში ორგანიზაციის მიერ გაწეულ რეკომენდაციას”.– ნათქვამია ღია წერილში. 


“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა “აირზენა – საქართველოს ავიახაზებს”, კომპანიაში განაცხადეს, რომ ჟურნალის აღნიშნული ნომერი  ხანდაზმულობის გამო ორი კვირის წინ ამოიღეს და ახალი ნომერია უკვე ქსელში. კომპანია არ იზიარებს “მრავალეროვანი საქართველოს” პოზიციას და აცხადებს, რომ ამოღებულ ნომერში არ ყოფილა სტატია, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი