სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართული ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძემ გახსნა, ხოლო ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვლმა 2013 წლის განმავლობაში საქართველოში ტოლერანტობის სფეროში არსებული მიღწევები და პრობლემები მიმოიხილა. 

 

ბექა მინდიაშვილმა ისაუბრა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

 

ჟურნალისტური კონკურსის „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” სამი გამარჯვებული გამოვლინდა. პირველი ადგილის მფლობელი გახდა  ეკა ქევანიშვილი – რადიო თავისუფლება, „ლოცვის უფლება ყველას აქვს“.

 

მეორე ადგილი წილად ხვდა გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქციას სტატიით „რელიგიური ტოლერანტობა და „პატიმარი“ მინარეთი“, ხოლო  მესამე ადგილის მფლობელი გახდა  ლელა დუმბაძე – გაზეთი „ბათუმელები“, სტატიით „თურქეთისა და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში“.

 

სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტრადიციულად დააჯილდოეს „ტოლერანტობის ქომაგები“ – ის პიროვნებები, ორგანიზაციები და მედია საშუალებები, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

 

რელიგიათა საბჭოს მხრიდან დაჯილდოვდა – იურისტი, უფლებადამცველი თამარ გურჩიანი; ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);  გაზეთი „სამხრეთის კარიბჭე“ და კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

 

ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დააჯილდოვა კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხუციშვილი – ჯილდო გადაეცა მის მეუღლეს- ნინო ციხისთავს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და გაზეთი „ვეჩერნი ტბილისი“ („Вечерний Тбилиси“).

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *