“ვიცი, რომ მთავრობა ჩემს ყოველ ნაბიჯსა და განცხადებაზე ღელავს. მინდა მათაც ვუთხრა, რომ ვუსურვებ წარმატებას ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში, რუსული ზეწოლის გაძლებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაში, რომლისთვისაც ჩვენ ამდენი ვიმუშავეთ. ჩვენი საერთო ინტერესია, რომ მოვახდინოთ ზიანის მინიმიზაცია და თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი.
არ ვაპირებ მათ რაიმე ფორმით შევუშალო ხელი. გუშინ დავასრულე ბოლო კონსულტაციები ევროკავშირის და ევროპარლამენტის ლიდერებთან ვილნიუსის სამიტის წინ. პარალელურად, განვიხილავ რამდენიმე წინადადებას წამყვანი უცხოური უნივერსიტეტიდან ჩემს სახელთან დაკავშირებული ახალი საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის შექმნის თაობაზე. ვაპირებ, ამ ეტაპზე ამით დავკავდე და თავი შევიკავო საქართველოს ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისგან. ამის მიუხედავად, ყოველთვის მზად ვიქნები, დავდგე ჩემი ხალხის გვერდით ნებისმიერ დროს, როცა ამის აუცილებლობას დავინახავ და ვემსახურო ჩემს სათაყვანებელ სამშობლოს – საქართველოს”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.





