ახალი ამბები

უსუფაშვილი პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

15 ნოემბერი, 2013 •
უსუფაშვილი პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

“ჩვენი სხდომის პირველ ნახევარში, პარლამენტში ადგილი ჰქონდა სამწუხარო ინციდენტს, რომლის თაობაზეც მინდა მოგახსენოთ, რომ მას შემდეგ მე მქონდა საუბარი ამ ინციდენტის მონაწილე მხარეებთან და შევთანხმდით და შევჯერდით იმაზე, რომ ეს ინციდენტი დაიწყო დღეს, განვითარდა დღეს და დასრულდა დღეს. ის, რაც მოხდა სხდომათა დარბაზში – გარკვეული შეკამათება და შელაპარკება. ამიტომ ინციდენტი ამოწურულია,”- განუცხადა უსუფაშვილმა პარლამენტარებს. 


მისივე თქმით, იშვიათად მოიძებნება პარლამენტი, სადაც არ ხდება გარკვეული ემოციური შეხლა-შემოხლა.


“ჩვენს პარლამენტშიც ყოფილა და მომავალშიც ბოლომდე დაზღვეული არ ვართ ამისგან, მაგრამ იმისთვის, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ცხელი დისკუსიების დროს ზღვარის გადასვლები და გადაცდომები, მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას ვთხოვო, რომ დავიცვათ ძალიან მარტივი რამ, და ამას ჰქვია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, რომელშიც ძალიან მარტივად და მკაფიოდ არის გაწერილი, თუ ვის რისი უფლება აქვს. როდესაც მიჰყავს სხდომა სხდომის თავმჯდომარეს, წესრიგის დამყარება ეს არის სხდომის თავმჯდომარის და მანდატურების ექსკლუზიური უფლებამოსილება. ნებისმიერი “დახმარება” ასეთ დროს, უარესი შედეგის მომტანია. ამიტომ ყველას გთხოვთ, ვაცადოთ სხდომის წამყვანს, მიიღოს სათანადო ზომები. მომხსენებლებმაც, რაც არ უნდა რთული იყოს პოლიტიკური საპარლამენტო ცხოვრების რაღაც ნიუანსების ატანა და გარკვევა, ყველას ვთხოვ, ეს მთავრობის წარმომადგენლებსაც ეხება, პარლამენტის წევრებსაც, რომ ტრიბუნიდან ხდება კონკრეტულ კანონპროექტზე მოხსენება, ყველა სხვა საკითხი არის სხვა ფორმატში გასარკვევი და მოსაგვარებელი, და დარწმუნებული ვარ ასე აღარ განმეორდება. ყველას გასაგონად ვამბობ, სხდომის წამყვანები ვიქნებით ძალიან მკაცრი. როცა ვამბობთ, რომ ადგილიდან ემოციური დამოკიდებულებები და წამოძახილები არ შეიძლება, ე.ი. არ შეიძლება,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 

პარლამენტის პლენალური სხდომის დროს დაპირისპირება მოხდა საპარლამენტო უმცირესობის წევრებსა და შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას შორის. შს მინისტრის მოადგილემ დეპუტატს ნაბიჭვარი უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი