ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

15 ნოემბერი, 2013 •
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს

 

“ჩვენ ვეხმაურებით იმ საკანონმდებლო ცვლილებებს მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომელიც დღეს პარლამენტმა განიხილა მეორე მოსმენით. ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თითქოსდა არის ქმედუნარიანი სამეურვეო საბჭოს არსებობა საზოგადოებრივ მაუწყებელში. ცვლილებების პირველი ვარიანტით დღეს არსებულ სამეურვეო საბჭოს ჰქონდა შესაძლებლობა და იმის დრო, რომ მას მიეღო 2013 წლის კორექტირებული და 2014 წლის ბიუჯეტი. მოცემულ შემთხვევაში კი საზოგადოებრივი მაუწყებელი რჩება ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილ ფინანსურ და სხვა სახის კრიზისში გაურკვეველი ვადით. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებებით ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს ხელი დააფაროს და დაიცვას მისთვის ზედმეტად კომფორტული და მონურ მორჩილებაში შესული მენეჯმენტი. აგრეთვე ცდილობს დიდ ხანს შეინარჩუნოს გენერალური დირექტორის ყოვლად სამარცხვინო და რეტროგრადი მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტყემალაძე. ამ არაპროგნოზირებად კაცს საპარლამენტო უმრავლესობა ტოვებს საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე და უცნობია, თუ რა სახის კანონდარღვევებს ჩაიდენს იგი. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს საზოგადოებისათვის უკვე კარგად ნაცნობი ის წერილები საქართველოს მუნიციპალური საკრებულოებისადმი, რომელნიც შეიცავენ კრიმინალის ნიშნებს და საქართველოს კანონებისა და თვით კონსტიტუციის მთელი რიგი მუხლების ფეხქვეშ გათელვას. ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მიერ არაერთგზის გამოთქმულ აზრს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკურ დევნას სამეურვეო საბჭოს ამ პერსონალური შემადგენლობის წინააღმდეგ. მათ ჯერ ხელოვნურად შეამცირეს ბორდის წევრთა ვადები, შემდეგ ზეწოლების შედეგად გაიყვანეს ორი წევრი და ახლა უკვე მას უკრძალავენ გადაწყვეტილებების მიღებას. იმ ყოვლად ანტიკონსტიტუციურ, ანტიდემოკრატიულ და არასამართლიან ნორმებს, რომელიც დღეს განიხილეს მეორე მოსმენით, ჩვენ დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში. მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს, ხმა აიმაღლონ აღნიშნული უკანონობის, განუკითხაობისა და თავისუფალი მედიის პრინციპების ხელყოფის ამ კამპანიაზე”, – ნათქვამია ბორდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც დღეს, 15 ნოემბერს ჟურნალისტებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძემ გააცნო.

 

გოგუაძის განცხადებით, კონსტიტუციური სარჩელი სასამართლოში მაშინ შევა, როცა პარლამენტი ინიცირებულ ცვლილებებს საბოლოოდ დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი