ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ტვ3” –ის გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“ ისაუბრა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ განაცხადა, რომ „შუა უნდა გაიკრიფოსო“ და დღესდღეობით ეს რეჟიმი შენარჩუნებულია. საკითხი ასე მარტივად არ დგას, რომ „ნაციონალები“ მიიწვიეს იმიტომ, რომ პარლამენტის წევრები არიან და დანარჩენები – არა“.
მამუკა კაციაძის განცხადებით ორპარტიული რეჟიმის შემოთავაზება ხელისუფლების მხრიდან, არ არის პირველი პრეცედენტი:
“ეს უკვე ერთგვარ სიმპტომატურ მომენტად იქცა. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შეიქმნა ინტერფრაქციული და არა ინტერპარტიული ჯგუფი და პროცესი უშუალოდ პარლამენტში ჩაიკეტა, ხოლო სხვა პოლიტიკურ პარტიებს თანაზომადი მონაწილეობის შანსი არ მიეცათ. ჩვენ ვესწრებით, ხანდახან ძალით უვარდებით, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში ეს ყველაფერი შევიდა პარლამენტში და იქ მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა არსებობს. დღეს მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში, რასაც თვითმმართველობის რეფორმა ჰქვია და ეს საკითხიც პარლამენტშია ჩაკეტილი. კონცეფციიდან კანონპროექტამდე ისე მივიდა საქმე, რომ 8 თვის განმავლობაში პოლიტიკური განხილვის თემად ეს ყველაფერი არ ქცეულა. როდესაც საუბრობენ, რომ აბსურდია, თითქოს ხელისუფლება სხვა ძალას არ სცნობს, განცხადება ერთია, რეალური ქმედება კი – სხვა. ჩვენ გვავიწყდება განცხადება, რომელიც წამოვიდა ერთი ადამიანისგან ორიოდ წლის წინ, რომელმაც შექმნა ბოლოდროინდელი პოლიტიკური კლიმატი საქართველოში. ვსაუბრობ ბიძინა ივანიშვილზე. მისი განცხადება იყო ასეთი: „შუა უნდა გაიკრიფოს“. დღესდღეობით ეს რეჟიმი შენარჩუნებულია“– განაცხადა მამუკა კაციტაძემ.








