დღეს, 26 აპრილს, სოფელ ტანძიაში წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია RMG–ის წინააღმდეგ აქციას მართავენ. ადგილობრივი მოსახლეობა ღია კარიერის წესით წიაღისეულის მოპოვებას ეწინააღმდეგება.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი 2 კვირაზე მეტია აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა კომპანიის ტექნიკას ტერიტორიაზე შესვლის საშუალება არ მისცეს, რის გამოც მათ RMG–ის დაცვა დაუპირისპირდა.
“ჩვენ ჩამოსახლებული ხალხი ვართ აქ. კიდევ სად გადავსახლდეთ, სად წავიდეთ”, – უთხრა აქციის მონაწილემ რუსთავი 2″–ს.
“იქიდან კაზრეთით ვართ განადგურებული, აქედან სამარეს გვითხრიან. ცოცხლად გვმარხავენ, სად უნდა წავიდეთ, სად უნდა გადაგვასახლონ, რა უნდათ? პარლამეტში რომ სხედან და მილიონებს ჯიბეში იტენიან, რატომ არ წუხდება რომელიმე პარლამენტარი, რატომ არ დაინტერესებულა ამ ხალხით, არავინ მოსულა, 20 დღეა აქ ვდგავართ”, – უთხრა აქციის მეორე მონაწილემ “რუსთავი 2″–ს.
საყდრისის კომიტეტი კი აცხადებს, რომ იმ ადგილას, სადაც კომპანია ღია კარიერული წესით აპირებს წიაღისეულის მოპოვებას, მძიმე ტექნიკის შეყვანა მეორე გზიდან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან სურთ.
ნინო ბურჭულაძის თქმით, RMG–ის მიზანი საფრთხეს უქმნის ბნელი ხევის ლანდშაფტს და ახლომდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მათ შორის- ფიტარეთის მონასტერს. კომიტეტის წევრები აპირებენ ადგილზე ჩასვლას და ტექნიკის შეჩერებას.