ახალი ამბები

კმაყოფილი ვარ, ვერავის ვერაფერს ვეღარ გადააბრალებს – ბერძენიშვილი ივანიშვილის დაბრუნებაზე

26 აპრილი, 2018 • 1602
კმაყოფილი ვარ, ვერავის ვერაფერს ვეღარ გადააბრალებს – ბერძენიშვილი ივანიშვილის დაბრუნებაზე

დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პარტიასა და მთავრობაში არსებულ კრიზისს უკავშირდება.

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილის 2015 წელს გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ  “რაღაც უბედურება უნდა მოხდეს”,  პოლიტიკაში რომ დაბრუნდეს.

“ჩემი დაბრუნება, რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი და თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას, მეორედ მოსვლას ვადარებ მე ამას,” – ამბობდა ბიძინა ივანიშვილი.

“გაჭირვების ამბავია, 2015 წელს ბიძინა ივანიშვილმა, როგორც გულწრფელმა კაცმა, თქვა, რომ ღმერთმა არ ქნას, რომ დასაბრუნებელი აღმოვჩნდეო, მაგას მეორედ მოსვლას შევადარებდიო. ბიძინა ინივანიშვილისთვის ეს მეორედ მოსვლაა. იმდენად სერიოზული პრობლემებია “ქართულ ოცნებაში”, რომ უკვე სხვა გზა აღარ დარჩა. მისი უპასუხისმგებლო პერსონალური მმართველობა უნდა შეცვალოს ახლა პასუხისმგებლობის მქონე პოზიციებით. მძიმე მდგომარეობაა არა მხოლოდ პარტიის შიგნით, არამედ საერთოდ ქვეყნის ხელისუფლება კრიზისშია და ამის დადასტურებაა ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი. ივანიშვილი მეორედ მოსვლს ადარებდა მისი თავმჯდომარედ დაბრუნების შესაძლებლობას და დღეს მისთვის ეს მომენტი დადგა. ივანიშვილისთვის პარტია და მთავრობა ერთი და იგივეა, ამიტომ იქნება პარტიის უფროსი და ქვეყნის ხელმძღვანელი. არის ივანიშვილი, იქნება “ქართული ოცნება”, არ იქნება ივანიშვილი – არ იქნება “ქართული ოცნება”… როგორც შევარდნაძისა და აბაშიძის დროს იყო. კმაყოფილი ვარ, ვერავის ვერაფერს ვეღარ გადააბრალებს. თვითონ იქნება პასუხისმგებელი. ჩემი ვარაუდით, ის წარუმატებელი ხელისუფალი იქნება, რადგან მან არ იცის დემოკრატიის პირობებში ხელისუფლობა, ვერ ისწავლა,”-აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების შესახებ დღეს, 26 აპრილს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ის თანახმაა  პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდეს.

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი და, შესაბამისად, ოფიციალური პოლიტიკური საქმიანობა 2013 წელს დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი