ახალი ამბები

ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად ბრუნდება

26 აპრილი, 2018 • 12534
ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად ბრუნდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.

აღნიშნულის შესახებ კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” ლიდერების შეკრების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქართველი მილიარდერი ივანიშვილი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად 2013 წელს დატოვა, ახლა თანახმაა, რომ კვლავ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდეს.

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ სრულიად ბუნებრივი და ლეგიტიმურია საზოგადოების ინეტერესი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესების მიმართ და ხალხს სჭირდება სიცხადე. ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ქვეყნის და ხალხის წინაშე და მივიჩნევთ, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისა და ახალი გამოწვევების ფონზე დადგა აუცილებლობა, მაქსიმალურად გავაძლიეროთ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” და სიმტკიცე შევძინოთ ჩვენს გუნდს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტიის შიგნით დემოკრატიული პროცესები, ამავე დროს, გვაერთიანებს მკვეთრად გამოხატული ღირებულებები და ერთიანი ხედვა საშინაო და საგარეო მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, ჩვენ, როგორც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, შევინარჩუნოთ ერთსულოვნება ფუნდამენტურ სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა “ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო”, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქვეყნის განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ პირადად ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა გამოაცხადა. მას ყველაზე მეტად ძალუძს გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი, პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდეგი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველობის ორგანოებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

“ქართული ოცნების” ლიდერების შეკრებას არ ესწრებოდნენ დაპირისპირებული დეპუტატები: გედევან ფოფხაძე, ნუკრი ქანთარია, დავით ჭიჭინაძე.

ამავე თემაზე

ივანიშვილის განცხადება 2015 წელს: უბედურება უნდა მოხდეს, რომ პოლიტიკაში დავბრუნდე

კვირიკაშვილი: უახლოეს დღეებში “ქართული ოცნება” ახალ პოლიტსაბჭოს აირჩევს


 

მასალების გადაბეჭდვის წესი