“ეს არის აბსოლუტური აბსურდი და საერთოდ არანაირი კომენტარის გაკეთება არ ღირს ამის თაობაზე”, – აცხადებს ნაცვლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში, ის ამბობს, რომ არანაირი შეხვედრა ემა გოგოხიასთან არ ყოფილა.

ემა გოგოხიამ ამ საკითხზე პრესკონფერენცია დღეს, 14 ნოემბერს გამართა და განაცხადა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი, ირაკლი ალასანია და სხვა თანამდებობის პირები მას მცდარი აღიარებითი ჩვენების მიცემას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი რუსეთში გაშვებას, ბიზნესს და თანამდებობას სთავაზობდნენ.
“ისინი ჩემგან ითხოვდნენ საჯაროდ მეთქვა ტყუილი, რომ ხურჩაში მომხდარი ე.წ. ტერაქტი მოახდინეს არა აფხაზებმა, არამედ ქართველებმა”, – განაცხადა გოგოხიამ.
რაც შეეხება ხურჩის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებას იმის თაობაზე, რომ უნდა დადგეს იმ მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი ვინც ბრალდებულთა წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ლაშა ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ უტყუარი მტკიცებულებები იმ ვერსიასთან დაკავშირებითაა შეკრებილი, რაც შსს–მ წარმოადგინა:
“შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ამ საქმეს, საპროცესიო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს პროკურატურა, მთავარი პროკურატურის შესაბამისი დეპარტამენტი, მიმდინარეობს გამოძიება და შეკრებილია უტყუარი მტკიცებულებები იმ ვერსიასთან დაკავშირებით რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა გახმოვანებული, გამოძიებას აქვს თავისი ტაქტიკა, სტრატეგია, ვფიქრობ ამ საქმეს არანაირი პრობლემა არ აქვს”, – ამბობს ნაცვლიშვილი.
ერთ–ერთი ბრალდებულის, რომან შამათავას ადვოკატის, გიორგი ონიანის განცხადებით ხურჩის საქმე მხოლოდ 4 პირის ჩვენებაზეა დაფუძნებული და მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები ამ საქმეში მონაწილეობაზე საუბრობენ კვლავ მაღალ თანამდებობებზე რჩებიან, კონკრეტულად კი მათ სამეგრელოს უსაფრთხოება აქვთ მინდობილი.




