ახალი ამბები

საქართველოში ყოველწლიურად დიაბეტის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება

14 ნოემბერი, 2013 •
საქართველოში ყოველწლიურად დიაბეტის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად დიაბეტის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. 

 

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის შეფასებით, საქართველოში დიაბეტით დაავადებული, დაახლოებით 105 110 ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შორის 37 710-მა (36%) არ იცის საკუთარი დაავადების შესახებ – არა აქვს დიაგნოზი დასმული (IDF Diabetes Atlas, 5-th edition, 2012). 

ოფიციალური მონაცემებით, გლობალურად, დიაბეტით დაავადებული 371 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და 280 მილიონი დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშაა.

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა შეფასებით, 2030 წლისათვის დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი, თითქმის, ნახევარ მილიონს მიაღწევს და ეს დაავადება სიკვდილიანობის გამომწვევი მე-7 ძირითადი მიზეზი იქნება.

 

დროთა განმავლობაში დიაბეტი აზიანებს გულსა და სისხლძარღვებს, თვალებს, ნერვებს და თირკმელებს:


  • დიაბეტი ზრდის გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს;
  • დიაბეტით დაავადებული ადამიანების გარდაცვალების მიზეზია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან კომბინაციაში ქვემო კიდურების ნეიროპათია ზრდის ტერფზე წყლულების გაჩენის შესაძლებლობას  და საბოლოო ჯამში, კიდურების ამპუტაციის რისკს;
  • დიაბეტური რეტინოპათია, რომელიც  სიბრმავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს, ვითარდება ბადურის წვრილი სისხლძარღვების ხანგრძლივი დაზიანების შედეგად. სიბრმავის შემთხვევათა 1 % განპირობებულია დიაბეტით;
  • დიაბეტი თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია;
  • დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა სიკვდილიანობის საერთო რისკი 2-ჯერ აღემატება იგივე ასაკის დიაბეტის არმქონე პირთა სიკვდილიანობის რისკს.

მასალების გადაბეჭდვის წესი