როგორც ემა გოგოხია აცხადებს, ადსახელებული და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მასზე ზეწოლას ახდენდნენ და საქმის გახსნაში დახმარებას სთხოვდნენ, თუმცა მან ზეწოლის ფაქტები აქამდე იმის გამო არ გაახმაურა, რომ ეს საქართველოსთვის საზიანო იყო:
“ისინი ჩემგან ითხოვდნენ საჯაროდ მეთქვა ტყუილი, რომ ხურჩაში მომხდარი ე.წ. ტერაქტი მოახდინეს არა აფხაზებმა, არამედ ქართველებმა. ლაშა ნაცვლიშვილმა მითხრა, ემა ეს ‘გაგვიპრავე’, შენ ხარ ჟურნალისტი, რომელიც აქტიურად აშუქებ რუსეთის თემას და ბოლო მოვლენებს ამიტომ სანდოობა საზოგადოების იქნება მაღალი, ასევე საქმისთვის თქვენი ჩვენება იქნება მეტად სარწმუნო, დამაჯერებელი, ეფექტიანი. ის ითხოვდა მეთქვა, თითქოსდა ჩემთან წინასწარ იყო შეთანხმებული ტერაქტის დეტალები, თითქოსდა წინასწარი იყო ჩემთან შეთანხმებული ტერაქტის ადგილი სადაც იდგა შტატივი და კამერა და თითქოს მქონდა დავალება კადრში მომეხვედრებინა ავტობუსის აფეთქება”, – განაცხადა ემა გოგოხიამ დღეს, 14 ნოემბერს, პრაიმტაიმის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრები კონსპირაციულ ბინაში შედგა. დამატეტბით დეტალებზე საუბრისგან გოგოხიამ თავი შეიკავა და განაცხადა, რომ სრული სიზუსტით ამ საკითხზე სასამართლოში ისაუბრებს.
“რუსთავი 2″–ის ჟურნალისტი ემა გოგოხია ინციდენტის დროს ხურჩაში იმყოფებოდა. მან სროლები, აფეთქებები და დაჭრილი ქალბატონი გადაიღო. გოგოხია აცხადებდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იმ გალელების გადასაღებად იყო გადასული, რომლებიც ზუგდიდში ხმის მისაცემად მოდიოდნენ.
ხურჩაში 2008 წელს ტერაქტის განხორციელების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია 21 ოქტომბერს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა აქვთ შეფარდებული.