ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი სრულად ეყრდნობა კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამას:
“მომავალი წლისთვის პრიორიტეტული იქნება სოციალური სფერო და ამ მიმართულებით დაახლოებით 2.7 მლრდ ლარი დაიხარჯება. ესაა ჯანდაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა, ასევე, სოფლის მეურნეობა და განათლება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს გაგრძელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“.
ხადურის განცხადებით, 2014 წელს სახელმწიფოს 840 მლნ ლარზე მეტი საგარეო და საშინაო ვალის დაფარვა მოუწევს, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, წარმოდგენილი პორექტით 2014 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 5%, ინფლაცია კი – 3.5%:
“ამ მაჩვენებლებზე საკმაოდ სერიოზული მუშაობა მოგვიწევს სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მისიებთან ერთად. როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვგეგმავთ 5%–იან ზრდას, მაგრამ მსოფლიო ბანკი გვეუბნება, რომ მინიმუმ 6%–იანი ზრდა იქნება, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, ძალიან კონსერვატიული ბიუჯეტი გავაკეთოთ, რათა მომავალ წელს გარანტირებული შემოსავლები მივიღოთ“.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, 2014 წლის ბიუჯეტი 9 მილიარდი იქნება: “ბიუჯეტის პროექტის კორექტირება არ მოვახდინეთ, რადგან მალე პარლამენტი დაამტკიცებს ახალ მთავრობას და ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების განხორციელება ახალი მთავრობის პრეროგატივა იქნება.”