“საღამოს ჩემთვის უცხო ხალხი, სავარაუდოდ, კორპუსის მაცხოვრებლები, მოვიდნენ ჩემთან და კარზე აბრახუნებდნენ. მივხვდი, რომ ეს თავშესაფრის თემასთან იქნებოდა კავშირში და არ გავუღე კარი. ასე განმეორდა სამჯერ. მერე ახლობელმა გამაპარა, რომ რამე ცუდი არ მომხდარიყო, ჯერ შინ ვერ ვბრუნდები. ტელეფონი ორი დღეა გათიშული მაქვს, ტელევიზიის სიუჟეტიდან იცნეს ბინა”, – აცხადებს სახლის მეპატრონე.
ის მიიჩნევს, რომ მიქაელ ბოტკოველმა ნაჩქარევი შეფასება გააკეთა:
“მე ვფიქრობ, რომ ბოტკოველის განცხადება ნაჩქარევი და ცხელ გულზე ნათქვამია. მე მესმის მათი შიშების, რაც გამოწვეულია მათი დიდი პასუხისმგებლობით, მაგრამ შიში უნდა იყოს რაციონალური და არა – დამთრგუნველი, რადგან ეკლესია სინათლის დესპანი უნდა იყოს სამყაროში, და არ შეეფერება ნებისმიერ რხევაზე პანიკაში ჩავარდნა. პანიკაში შეიძლება უგუნური ნაბიჯი გადადგან, რასაც დღეს ვხედავთ კიდეც. სიბრძნე უნდა ჰქონდეთ მეტი და უფლის ნდობა”.
იმავე დღეს, რაც ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ უსახლკაროთა თავშესაფრის მოწყობა პატრიარქის მდივანმა გააპროტესტა, თავშესაფარზე თავდასხმით ორგანიზატორებსაც დაემუქრნენ:
“იდენტობას” დაუკავშირდნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლები, რომლებიც მათ საცხოვრებელ კორპუსში თავშესაფრის განთავსებას არ დაუშვებენ. მათი განცხადებით, თუ თავშესაფარი დაგეგმილ ადგილზე გაიხსნებოდა, ისინი ყოველდღიურად შეუქმნიდნენ მის ფუნქციონირებასა და მის მაცხოვრებლებს პრობლემებს”, – ნათქვამია “იდენტობის” მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ იმის ნაცვლად, ყურადღება უსახლკაროთა პრობლემებზე გამახვილებულიყო, ყურადღების ცენტრში კვლავ “იდენტობა” აღმოჩნდა.
“იდენტობის” მიერ თავშესაფრის მოწყობასთან დაკავშირებით ინიციატივის შესახებ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლო კვირას გახდა ცნობილი. თავშესაფრისთვის შენობა ორგანიზაციას კერძო შემომწირველმა გადასცა და იქ უსახლკარო ოჯახების შესახლება იგეგმებოდა.
“იდენტობამ” სხვადასხვა ორგანიზაციებს დახმარება სთხოვა იმისთვის, რომ თავშესაფარი საჭირო ნივთებით აღჭურვილიყო და ნივთებთან ერთად თანხის მოგროვებაც დაიწყო.
ამ საკითხს გამოეხმაურა ომბუდსმენის აპარატი. სახალხო დამცველი მოუწოდებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და ჯანდაცვის სამინისტროს, მიეღოთ ყველა ზომა, რათა ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი, უსახლკარო ადამიანები უზრუნველყოფილი ყოფილიყვნენ დროებითი თავშესაფრით მაინც.
“იდენტობას” ინიციატივას საპატრიარქო გამოეხმაურა, მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ “ლგბტ ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ” განხორციელებულ ქველმოქმედებას საპატრიარქოს მხრიდან პროტესტი აუცილებლად მოჰყვებოდა და ისინი ყველას მკაცრად გააკრიტიკებდნენ, ვინც ამ ინიციატივას მხარს დაუჭერდა:
“ძალიან მკაცრები ვიქნებით და არ გავუწევთ ანგარიშს ამ ადამიანების პოზიციას. არსებული ყველა საშუალებით, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად, საზოგადოების ყურამდე მივიტანთ იმ სატკივარს, რაც ჭირს ჩვენს ქვეყანას. წარმოუდგენელია ხალხი შეეგუოს იმას, რომ ასეთი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებმა იზრუნონ მოზარდ თაობაზე და იმ ადამიანებზე, ვისაც ეს გასაჭირი აქვს”, – განაცხადა საპატრიარქოს მდივანმა ბოტკოველმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.
დღეს ორგანიზაცია “იდენტობამ” განაცხადა, რომ მოსალოდნელი საფრთხის გამო თავშესაფარს ვეღარ გახსნის.





