ახალი ამბები

სერგეენკო: თუ თავშესაფარში ოჯახები იცხოვრებენ, დამატებითი რეგულირებები არ არის საჭირო

13 ნოემბერი, 2013 •
სერგეენკო: თუ თავშესაფარში ოჯახები იცხოვრებენ, დამატებითი რეგულირებები არ არის საჭირო

“თუ ეს არის ოჯახური დასახლება, ოჯახს არანაირი რეგულირება არ ჭირდება, თუ როგორ აღზარდოს თავისი შვილი. ამ მხრივ, ძირითადად, საკმარისია მხოლოდ ინფრასტრუქტურული აქტივობები,”- ამბობს მინისტრი.

 

სერგეენკო პრობლემას ხედავს იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფარში მიუსაფარი ბავშვები მოხვდებიან. 

 

“ასეთ შემთხვევაში, მხოლოდ თავშესაფარის მიცემა საკმარისი არ არის, საჭიროა აღზრდის მეთოდები. მივესალმებით ნებისმიერ ინიციატივას, მაგრამ ეს უნდა იყოს  შესაბამისობაში მოქმედ საერთაშორუსო გამოცდილებასთან, სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან. ასე არ უნდა მოხდეს, მე ავაშენებ სახლს და იქ ბავშვებს შევუშვებ საცხოვრებლად. მხოლოდ ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის,”- ამბობს სერგეენკო.

 

დღეს, 13 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელმა მინისტრს კითხვა დაუსვა – რას ფიქრობს ის ორგანიზაცია “იდენტობის” ინიციატივაზე ბავშვთა თავშესაფრის გახსნასთან დაკავშირებით და გააჩნია თუ არა სახელმწიფოს რაიმე სტრატეგია ამ ბავშვებთან დაკავშირებით.


თუმცა, ორგანიზაცია “იდენტობის” მიზანი ბავშვთა თავშესაფრის გახსნა არ ყოფილა. ჯანდაცვის მინისტრს კონკრეტულ ინიციატივასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის თავშესაფარზეა საუბარი, ინფორმაცია არ ჰქონდა, შესაბამისად, მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ნებისმიერი თავშესაფარი, რომელიც ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი, საერთაშორისო სტანდარტებთან და კონვენციებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. 



“იდენტობის” ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, რომ თავშესაფარი, შესაძლოა, მიმდინარე თვის ბოლომდე, ზამთრის ყინვების დაწყებამდე გაიხსნას. იმ მოქალაქეთა ბაზა, ვინც პირველ ეტაპზე (მინიმუმ 15 ადამიანი) თავშესაფარში მოხვდება, ცნობილი ჯერ არ არის. თავშესაფარში მოხვედრის გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფისთვის დახმარების თხოვნით საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას მიმართეს.


აღნიშნული თავშესაფრის მოწყობას საქართველოს საპტრიარქო ეწინააღმდეგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი