3 ნოემბერს საქართველოს პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 2 წლის გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი მონათლა და ამ ფაქტს ისტორიული აქტი უწოდა. საქართველოს ეკლესია საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარებას ემხრობა და იდეას პოპულარიზაციას უწევს. „ბათუმელები” დაინტერესდა, რა სამართლებრივი საფუძვლები და პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის დამყარებას.
„ეს თემა ჯერ კიდევ 1918-1921 წლებში განიხილებოდა და იმთავითვე ჩვენი პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელმა მამებმა უარი თქვეს მონარქიაზე. 1921 წლის კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაიწერა, „რესპუბლიკის მმართველობის ფორმა არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხი”. ანუ ისინი ამბობდნენ, რომ საქართველოში მონარქიის აღდგენა დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს 1921 წლის კონსტიტუცია პირდაპირ არ მოქმედებს, ნუ დაგვავიწყდება, ჩვენს კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციას, რომელიც ეყრდნობა 1921 წლის კონსტიტუციის სამართლებრივ მემკვიდრეობას,” – ამბობს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.
რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ხელისუფლება მოინდომებს კონსტიტუციის კიდევ ერთხელ გადასინჯვას და შეცვლას? არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას” (GDI) გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ამისათვის გარკვეული პროცედურების დაცვაა აუცილებელი.
„კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც 17 ნოემბრიდან ამოქმედდება, კონსტიტუციის გადასინჯვას მაღალი კვორუმი სჭირდება. პარლამენტის წევრთა სამი მეოთხედის მხარდაჭერა. პლუს ესაჭიროება საყოველთაო განხილვა. და ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენს პარლამენტში ნამდვილად არ არიან ისეთი ბრიყვები, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ,” – აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.
საკონსტიტუციო მონარქიის დამყარების იდეით 2007 წლის ოქტომბერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გამოვიდა. ბოლო ხუთ წელიწადში გაერთიანებული საქართველოს ბოლო მეფის, გიორგი მერვესა და ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის ორი შთამომავალი დაქორწინდა და უკვე 2 წლის შვილიც ჰყავთ.
გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონს სვეტიცხოველში ნათლობის დღეს პატრიარქმა უფლისწული უწოდა. ეკლესია საზოგადოებაში კონსტიტუციური მონარქიის იდეის პოპულარიზაციას ეწევა. კითხვაზე, აქვს თუ არა ეკლესიას რაიმე სამართლებრივი ბერკეტი გარდა იდეის პოპულარიზაციისა, გიორგი მშვენიერაძე პასუხობს რომ, არა.
„ეკლესია ცდილობს საზოგადოებაში მოახდინოს იდეის პოპულარიზაცია, დაგვარწმუნოს იმაში, რასაც ბაგრატიონთა შტო საკუთარ თავს უკავშირებს, და ალბათ, გვეტყვიან ხვალ თუ ზეგ, რომ ბაგრატიონების შთამომავლები ღვთით კურთხეულნი არიან და ამიტომ უნდა იყვნენ ჩვენი მეფეები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თანამედროვე ადამიანის ტვინი განსხვავებულია შუა საუკუნეების ადამიანების ტვინისაგან და იმდენი აზროვნების უნარი შესწევს, რომ გააანალიზოს, სხვა ადამიანების მართვას რომ არ უნდა დაექვემდებაროს,” – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მართლმადიდებელი ეკლესია და უწმინდესი და უნეტარესი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს, რა თქმა უნდა მის აზრს გარკვეული მნიშვნელობა ექნება საზოგადოებისათვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სახელმწიფოებრივი წყობა აი, ამ ეტაპზევე უნდა დავასრულოთ. მე რამდენადაც მომისმენია უწმინდესი და უნეტარესი ამბობს, ჯერ უნდა მომზადდეს სამეფო გვარის წარმომადგენელი. იყო იდეა, რომ გაიზარდოს ეკლესიის შიგნით, დაწესდეს შემდგომში რეგენტობა მასზე, და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი. მეორეც, ჩვენ გვყავს არჩეული პრეზიდენტი, ანუ სახელმწიფოს მეთაური. ამით თქვენ აბსოლუტურად შეგიძლიათ გამორიცხოთ, რომ ხუთი წლის განმავლობაში მონარქიის აღდგენა შესაძლებელია,” – ამბობს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.
კითხვაზე, რა შეიძლება მოხდეს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, დემეტრაშვილი პასუხობს, რომ ამის წინასწარ განჭვრეტა რთულია.
„რა შეიძლება მოხდეს ვთქვათ ოცი წლის შემდეგ, ამის წინასწარმეტყველება რთულია. მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ მეგულება, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მონარქია აღდგენილიყო. ამიტომ მე ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ, რომ ქართული საზოგადოება ამისთვის მზად არის დღეს. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, ძალიან ძნელია ვარაუდი, იმიტომ, რომ სხვადასხვა ფაქტორები განსაზღვრავენ ამ საკითხის გადაწყვეტას, არა მხოლოდ ჩემი ან პატრიარქის მოსაზრება, არამედ გეოპოლიტიკური სიტუაცია ან ჩვენი განვითარების ეკონომიკური დონე როგორი იქნება და ა.შ.” – ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი.
გიორგი მშვენიერაძის აზრით კი, საქართველოში მონარქიის აღდგენის იდეას პერსპექტივა არ აქვს:
„იდეა კონსტიტუციური მონარქიის, მე ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი, იმიტომ, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ჩვენთან, ფაქტობრივად, ორი საუკუნის განმავლობაში არანაირი ისტორიული ბმა არ ყოფილა მონარქსა და სახელმწიფოს შორის. ამ თემის შემოტანა არის ხელოვნური და მე, როგორც რიგითი მოქალაქე, არანაირად არ მინდა დავუბრუნდე რაღაც სახით მონარქიას”.