ახალი ამბები

საპატრიარქო ქველმოქმედების წინააღმდეგ

12 ნოემბერი, 2013 • • 1229
საპატრიარქო ქველმოქმედების წინააღმდეგ

როგორც პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, საპატრიარქო წინ არ აღუდგება ნებისმიერი პირის მიერ მოხუცებისთვის ან ბავშვებისთვის დახმარების გაწევას, თუმცა ეს დახმარება არ უნდა მოხდეს “ლგბტ ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ”.


“თუ ვიღაცა მოხუცებზე და ბავშვებზე იზრუნებს, იმათ რატომ გავაკრიტიკებთ და რატომ გავხდით ამას მსჯელობის საგნად? მაგრამ თუ ლგბტ ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ უნდა მოექცეს ეს ყველაფერი, ამას გავაკრიტიკებთ. რა არის აქ გაუგებარი? სხვა დაეხმაროს, სხვამ განახორციელოს ამ ხალხზე მზრუნველობა, რაღა ლგბტ–ებმა უნდა განახორციელონ, გამაგებინეთ ერთი?” – აცხადებს ბოტკოველი.


შეკითხვაზე – აპირებს თუ არა საპატრიარქო, რომ თავად განახორციელოს ამ ხალხზე მზრუნველობა, ბოტკოველი პასუხობს:


“ახლა ძალიან ცხელ გულზე ვაკეთებ ამ კომენტარებს და ეს თემა ჯერ მსჯელობის საგანი არ გამხდარა საპატრიარქოში.”


ბოტკოველის თქმით, საპატრიარქო თავშესაფრის მშენებლობას მშვიდობიანი გზით გააპროტესტებს:


“მშვიდობიანი ფორმით, რა თქმა უნდა, აბა, რა ფორმით უნდა გავაპროტესტოთ? ან სააგენტოებს მივცემთ ინფორმაციას, ან განცხადებას გავაკეთებთ. ისე თავხედდებიან ახლა ესენი, ისე თავხედდებიან, შეიძლება ცოტა ხანში განათლების სამინისტროს მიადგნენ – სკოლის დირექტორებად ჩვენ დაგვნიშნეთო, არ არის გამორიცხული. არ ვიცი, ვისი იმედი აქვთ, ჰგონიათ, რომ ეს ხალხი მხარს დაუჭერს?”

 

ბოტკოველის თქმით, ნებისმიერი პირი, ვინც ამ ორგანიზაციას მხარს დაუჭერს, მკაცრად გაკრიტიკდება, თუნდაც ეს თავშესაფრის მშენებლობას ეხებოდეს:

 

“ძალიან მკაცრები ვიქნებით და არ გავუწევთ ანგარიშს ამ ადამიანების პოზიციას. არსებული ყველა საშუალებით, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად, საზოგადოების ყურამდე მივიტანთ იმ სატკივარს, რაც ჭირს ჩვენს ქვეყანას. წარმოუდგენელია ხალხი შეეგუოს იმას, რომ ასეთი სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებმა იზრუნონ მოზარდ თაობაზე და იმ ადამიანებზე, ვისაც ეს გასაჭირი აქვს”, – აცხადებს ბოტკოველი.


როგორც ორგანიზაცია “იდენტობას” ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე ამბობს, თავშესაფრისთვის 80 კვ.მ ფართობის ბინა კერძო შემომწირველმა თბილისში, ბაგების დასახლებაში უსასყიდლოდ, რამდენიმე წლის ვადით გადასცა. 

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, შენობა ამჟამად შავი კარკასის მდგომარეობაშია და ესაჭიროება კეთილმოწყობა – თავშესაფრის ბინადრებისთვის აუცილებელია საწოლები, საძილე საბნები, მინიმალური საკანალიზაციო კეთილმოწყობა და გათბობის დამონტაჟება (ბინაში შეყვანილია გაზი და დენი).

 

“იდენტობამ” დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართა. ინიციატივას რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველიც გამოეხმაურა, რომელმაც ეს ინიციატივა დადებითად შეაფასა. თავშესაფრის მოწყობისთვის “იდენტობისთვის” დახმარების გაწევას თბილისის მერიაც გეგმავს. აღნიშნულ საკითხზე “იდენტობის” ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე დღეს თბილისის მერიის წარმომადგენელსაც შეხვდა. რა ფორმით და როგორ დაეხმარება მერია თავშესაფრის მოწყობის პროექტს, ცნობილი ჯერ არ არის. 

 

ვაჭარაძე ამბობს, რომ თავშესაფარი, შესაძლოა, მიმდინარე თვის ბოლომდე, ზამთრის ყინვების დაწყებამდე გაიხსნას. იმ მოქალაქეთა ბაზა, ვინც პირველ ეტაპზე (მინიმუმ 15 ადამიანი) თავშესაფარში მოხვდება, ცნობილი ჯერ არ არის. თავშესაფარში მოხვედრის გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფისთვის დახმარების თხოვნით საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას მიმართეს. 


გარდა ამისა, ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ის ადამიანები, ვინც თავშესაფარში მოხვდებიან, იქიდან ფსიქოლოგიურად და სოციალურად გაძლიერებულები უნდა გავიდნენ. ვაჭარაძე ამბობს, რომ მოხალისეები მათ სამსახურის პოვნაშიც დაეხმარებიან.

 

სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტით, მათ შორის, გამართული თეატრალური წარმოდგენით, თავშესაფრისთვის ამ ეტაპზე 600 ლარამდე შეგროვდა. საქველმოქმედო კონცერტები და წარმოდგენები უახლოეს დღეებშიც არის დაგეგმილი. გარდა ამისა, პროექტში რამდენიმე კერძო სკოლაც ჩაერთო. 


მასალების გადაბეჭდვის წესი